კახა ჩხეტიანი - „დინამოს“ იაფფასიანი ლეგიონერები ვერ გააძლიერებენ
კახა ჩხეტიანი - „დინამოს“ იაფფასიანი ლეგიონერები ვერ გააძლიერებენ

„მადლობას რომან ფიფიას ნდობისთვის. „დინამოს“ მწვრთნელობა დიდი პასუხისმგებლობა და ტვირთია და შევეცდებით, დასახული მიზნები შევასრულოთ და გულშემატკივრები და ქვეყანა გავახაროთ“ – ეს “დინამო თბილისის” მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ კახა ჩხეტიანმა განაცხადა.

„დინამო არენას“ მედია დარბაზში გამართულ პრეზენტაციაზე, სადაც გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელი თბილისის „დინამოს“ პრეზიდენტმა რომან ფიფიამ და კლუბის გენერალურმა დირექტორმა ზაზა დოლიძემ წარადგინეს, ქუთაისის „ტორპედოს“ ყოფილმა დამრიგებელმა კლუბის ამოცანებზე ილაპარაკა.

„ძირითადი ბირთვი შენარჩუნდება. ამავე დროს, გაძლიერება და კონკურენციაც გვჭირდება, რადგან ეს გუნდის წარმატების ერთ-ერთი საფუძველია. „დინამო“ თბილისს ბრწყინვალე აკადემია აქვს, საუკეთესო ბავშვები ვარჯიშობენ და მათ დაწინაურების და თავის გამოჩენის შანსი უნდა მივცეთ. რა თქმა უნდა, ლეგიონერების დამატებაც გვსურს, მაგრამ იაფფასიანი ლეგიონერები კლუბს ვერ გააძლიერებენ. ეს საკითხი ძალიან დიდ დაფიქრებას მოითხოვს. ამიტომ უნდა ვიჩქაროთ ნელა, რადგან ბევრი დრო არ გვაქვს“ – აცხადებს ჩხეტიანი.

აღსანიშნავია, რომ კარიერის დასრულების შემდეგ კახა ჩხეტიანი თბილისის „დინამოში“ მწვრთნელად უკვე მუშაობდა – 2015–2016 წლებში, ის გია გეგუჩაძის სამწვრთნელო სტაფის წევრი გახლდათ.