კახა ჩხეტიანი - დარწმუნებული ვარ, „ტორპედო“ მოუმატებს და სეზონის მიზანს შევასრულებთ #1TVSPORT
კახა ჩხეტიანი - დარწმუნებული ვარ, „ტორპედო“ მოუმატებს და სეზონის მიზანს შევასრულებთ #1TVSPORT

ეროვნული ლიგის 22-ე ტურში ქუთაისის „ტორპედომ“ უშუალო კონკურენტს, „თელავს“ უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა. შედეგად, „თელავმა“ 22 ტურის შემდეგ 22 ქულა დააგროვა და „ტორპედოს“ (19) გადაასწრო, რომელიც მეცხრე ადგილზე დაქვეითდა და სეზონის დასრულებამდე 14 ტურით ადრე რთულ ვითარებაში აღმოჩნდა.

ქუთაისის „ტორპედოს“ მთავარი მწვრთნელის, კახა ჩხეტიანის აზრით, რომელმაც „თელავთან“ შეხვედრა შეაფასა, წაგება მოუმზადებლობის და დაუკომპლექტებლობის შედეგია.

„გვიან შევიკრიბეთ იმ გაურკვეველი ვითარების გამო, რაც გუნდში იყო. ლეგიონერებიც წასულები იყვნენ და გვიან შემოგვიერთდნენ. ამიტომ ცოტა მეტი ამხანაგური მატჩის ჩატარება აჯობებდა, რომლებიც მეტ სათამაშო პრაქტიკას მოგვცემდა და მეტი ხარისხის გარანტია იქნებოდა – რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი დაგვაკლდა. ახალი ფეხბურთელები 3-4 დღეა რაც დავიმატეთ და რა თქმა უნდა, სათამაშოდ მზად არ იქნებიან. მადლობა მინდა ვუთხრა ჩვენს ბიჭებსა და გულშემატკივრებს, რომლებიც მარცხის მიუხედავად, მთელი თამაში ჩვენს გვერდით იდგნენ. დარწმუნებული ვარ, რომ გუნდი თამაშიდან თამაშამდე მოუმატებს და ამ სეზონში ჩვენს მიზანს შევასრულებთ. ამას ჩვენს გულშემატკივრებთან ერთად შევძლებთ“, – განაცხადა კახა ჩხეტიანმა.

ქუთაისის „ტორპედოს“ მთავარი მწვრთნელის თქმით, გუნდში ახალწვეულებს აღარ ელიან.

„ახალწვეულები? დასრულებულია უკვე ყველაფერი. ჩვენ ტრანსფერებზე ფიქრი რომ დავიწყეთ, ყველაფერი დასრულებული იყო და სატრანსფერო ფანჯარაც დახურული იყო. ყველამ იცის, ეს რა პრობლემიდან გამომდინარეობდა. იმედია, ეს პროცესი მალე დასრულდება და აუქციონი ჩატარდება. მადლობა მინდა იმ ადამიანს გადავუხადო, რომელმაც ორი თვის ხელფასი გადაიხადა და დაგვიანებით, მაგრამ ლეგიონერები მაინც ჩამოუყვანეს. გუნდიც შევინარჩუნეთ. რა თქმა უნდა, სამუშაო ძალიან ბევრი გვაქვს და გავაგრძელებთ შრომას და გამარჯვებებისთვის ბრძოლას“.