კაკაბაძეს „მარკამ“ ინტერვიუ ჩამოართვა - ესპანეთი მსოფლიოში საუკეთესოა, მაგრამ ხეტაფეში მოგებაც გვახსოვს #1TVSPORT
კაკაბაძეს „მარკამ“ ინტერვიუ ჩამოართვა - ესპანეთი მსოფლიოში საუკეთესოა, მაგრამ ხეტაფეში მოგებაც გვახსოვს #1TVSPORT

ესპანურმა გამოცემა „მარკამ“ საქართველო-ესპანეთის მოახლოებულ შეხვედრამდე ოთარ კაკაბაძეს ინტერვიუ ჩამოართვა.

საქართველოს ნაკრების და „ტენერიფეს“ 25 წლის მცველი აღიარებს ესპანეთის უპირატესობას, მაგრამ ახსოვს 2016 წელს ხეტაფეში მოგებული (1:0) შეხვედრა და იმედოვნებს, რომ საქართველოს დედაქალაქში ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ პირველად ითამაშებს.

„ესპანეთს მსოფლიოში საუკეთესო გუნდი ჰყავს. მაგრამ ჩვენ ვაპირებთ 90 წუთის განმავლობაში თითოეული ბურთისთვის ვიბრძოლოთ და ყველაფერი გავიღოთ, რომ ჩვენს ქვეყანას დიდი სიხარული მოვუტანოთ. ეს ზუსტად ის არის, რაც ჩვენ ხეტაფეში 2016 წელს გავაკეთეთ, მიუხედავად იმისა, რომ ეს იყო ამხანაგური მატჩი. ჩვენ ასევე გვახსოვს, 2012 წელს თბილისში ესპანეთს როგორ გაუჭირდა“, – ამბობს კაკაბაძე.

ტენერიფის“ მცველი იმედიანადაა განწყობილი.

„ჩვენ ვთამაშობთ ძლიერი ჯგუფის ყველაზე ძლიერ მეტოქესთან. სრული სტადიონის წინაშე თამაში ძალიან კარგია. ჩვენ გულშემატკივართან ერთად კარგ სიმბიოზს ვქმნით. ჩვენ ძალიან შეკრული და ახალგაზრდა გუნდი ვართ და ბევრი კარგი მოთამაშეც გვყავს. შევეცდებით, ფრთხილად ვითამაშოთ და შეცდომები არ დავუშვათ. ესპანეთი მსოფლიოს საუკეთესო გუნდია და ბუნებრივია, ჯგუფის ფავორიტია. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ თავიდან განწირულები ვართ”.