კაკაბაძემ „კრაკოვიას“ უკაპიტნა - ქართველის გუნდმა „ლეგიას“ დამარცხებით ცხრამატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა #1TVSPORT
კაკაბაძემ „კრაკოვიას“ უკაპიტნა - ქართველის გუნდმა „ლეგიას“ დამარცხებით ცხრამატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა #1TVSPORT

ოთარ კაკაბაძის „კრაკოვიამ“ პოლონეთის ჩემპიონატში ვარშავის „ლეგიას“ უმასპინძლა და ცხრამატჩიანი მოუგებელი სერია დამაჯერებელი მოგებით შეწყვიტა – 2:0.

მატჩის დაწყებამდე მეტოქეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს პროფესორ იანუშ ფილიპიაკის ხსოვნას, რომელიც იყო „კრაკოვიას“ პრეზიდენტი, გამოჩენილი პოლონელი მეცნიერი, მეწარმე და ფეხბურთის დიდი გულშემატკივარი.

საქართველოს ნაკრების მცველი „კრაკოვიას“ ძირითად შემადგენლობაში იყო და გუნდს უკაპიტნა. მან ყვითელი ბარათი მიიღო (მე-7 წუთზე) და 90 წუთი ითამაშა. ქართველის გუნდი აუტსაიდერთა შორისაა და ლიდერთა ჯგუფის ერთ-ერთ წარმომადგენელთან ფავორიტად არ მიიჩნეოდა, მაგრამ მოულოდნელად კრაკოველებმა დამაჯერებლად გაიმარჯვეს.

„კრაკოვიას“ გამარჯვებაში მთავარი როლი ფინელმა თავდამსხმელმა ბენჟამინ კალმანმა შეასრულა, რომელმაც 25-ე წუთზე საკმაოდ შორი მანძილიდან ეფექტური გოლით გამოიჩინა თავი. ხოლო 57-ე წუთზე საგოლე შეტევა ოთარ კაკაბაძემ წამოიწყო, კეროლ კნაპმა „კრაკოვიას“ უპირატესობა ორ ბურთამდე გაზარდა.

ექსტრაკლასაში ჩატარებული 19 ტურის შემდეგ „კრაკოვიამ“ 21 ქულა დააგროვა, გავარდნის ზონას მოწყდა, სამი ადგილით გააკეთა ნახტომი და მე-13 პოზიციაზე დაწინაურდა. ამ მატჩით პოლონეთის ჩემპიონატში საშემოდგომო ეტაპი დასრულდა და თებერვალში განახლდება.