კაკაბაძე შემადგენლობაში დაბრუნდა - „კრაკოვიამ“ სახლში ქულები დაკარგა #1TVSPORT
კაკაბაძე შემადგენლობაში დაბრუნდა - „კრაკოვიამ“ სახლში ქულები დაკარგა #1TVSPORT

ოთარ კაკაბაძემ „კრაკოვიაში“ პოლონეთის ჩემპიონატის მორიგი შეხვედრა ჩაატარა ვროცლავის „შლიონსკის“ წინააღმდეგ, რომელიც 1:1 დასრულდა.

ქართველი მცველი წინა ტურში „პიასტთან“ მოგებულ (2:1) შეხვედრაში შეცვლაზე შევიდა და მატჩის გმირი გახდა (გოლი+პასი). კაკაბაძემ „კრაკოვიას“ ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაიბრუნა და შეუცვლელად ითამაშა (68-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო).

ექსტრაკლასას 23-ე ტურის საშინაო შეხვედრა „კრაკოვიასთვის“ და ქართველი მცველისთვის წარმატებული ვერ გამოდგა. მე-9 წუთზე სტუმრები ბეიგერმა დააწინაურა, „კრაკოვიამ“ კი 54-ე წუთზე ბოჩნაკის გოლით წონასწორობა აღადგინა, მაგრამ გამარჯვება ვერ მოიპოვა.

23 ტურის შემდეგ „კრაკოვიამ“ 33 ქულა დააგროვა და მეექვსე ადგილზეა, მაგრამ ევროსაგზურისთვის იბრძვის და მესამეადგილოსან პოზნანის „ლეხს“ (სადაც ნიკა კვეკვესკირი და გიორგი წიტაიშვილი თამაშობენ) 6 ქულით ჩამორჩება.