კაირი ირვინგმა მუხლის ტრავმა მიიღო და მინიმუმ ერთ კვირას გამოტოვებს
 კაირი ირვინგმა მუხლის ტრავმა მიიღო და მინიმუმ ერთ კვირას გამოტოვებს

„ბრუკლინმა“ ოფიციალურად განაცხადა, რომ კაირი ირვინგი თამაშს დაახლოებით ერთ კვირაში შეძლებს. „ნეთსის“ გამთამაშებელმა მუხლის ტრავმა „ვაშინგტონთან“ გამართულ შეხვედრაში მიიღო. კაირი მეოთხე პერიოდში დაშავდა. მიუხედავად ამისა, ირვინგმა მოედანზე დარჩენა სცადა, თუმცა პირველივე შეტევის შემდეგ პარკეტი დატოვა და აღარ დაბრუნებულა.

„მუხლზე კარიერის განმავლობაში არაერთი ტრავმა გადამიტანია. ამ შემთხვევაში ტრავმა მძიმე არ გამოდგა და მიხარია, რომ მოედანს მალე დავუბრუნდები. ძალიან ცუდად დავეცი, ძლიერი ტკივილი ვიგრძენი და თავიდან, გამოგიტყდებით, საკმაოდ ბევრი ვინერვიულე“, – განაცხადა ირვინგმა „ესპნ“-სთან (ESPN) საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ კაირის მიმდინარე სეზონზე მხრის ტრავმის გამო ზედიზედ 26 შეხვედრა აქვს გამოტოვებული. მატჩში საშუალოდ ირვინგი 27.4 ქულას, 6.4 გადაცემასა და 5.2 მოხსნას აგროვებს. მას „ბრუკლინთან“ 4-წლიანი კონტრაქტი აკავშირებს. ამ დროის განმავლობაში ის $136.5 მილიონ ამერიკულ დოლარს მიიღებს.