კაილ კორვერმა კარიერა დაასრულა და მწვრთნელობას იწყებს #1TVSPORT
კაილ კორვერმა კარიერა დაასრულა და მწვრთნელობას იწყებს #1TVSPORT

ვეტერანმა ამერიკელმა კალათბურთელმა კაილ კორვერმა კარიერა დაასრულა.

40 წლის მსუბუქმა ფორვარდმა, რომელიც 2003 წლის დრაფტზე 51-ე ნომრად აირჩიეს, ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში 17 სეზონი გაატარა.

კორვერის ბოლო კლუბი იყო „მილუოკი“, რომელშიც 2019-20 წლების სეზონში თამაშობდა. მანამდე ის გამოდიოდა „იუტაში“ (2007-2010, 2018-2019), „კლივლენდში“ (2017-2018), „ატლანტაში“ (2012-2017), „ჩიკაგოსა“ (2010-2012) და „ფილადელფიაში“ (2003-2007). მისი კარიერული სტატისტიკაა – 1232 მატჩი (423 -სასტარტოში), 9,7 ქულა, 3 მოხსნა და 1,7 შედეგიანი პასი.

კორვერი არასოდეს გამხდარა NBA-ის ჩემპიონი, ერთხელ იყო გამოძახებული „ყველა ვარსკვლავის მატჩში“ (2015). მას დღემდე ეკუთვნის რეკორდი ერთ სეზონში სამქულიანების რეალიზაციის პროცენტით – 2009-10 წლების ჩემპიონატში მან 53,6 პროცენტის სიზუსტით ისროლა.

როგორც იტყობინებიან, ახლა კორვერი სამწვრთნელო კარიერის დაწყებას აპირებს – ის „ბრუკლინის“ მთავარი მწვრთნელის სტივ ნეშის გუნდის წევრი გახდება.