კაია კალასი საქსონია-ანჰალტის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ეხმაურება – მეშინია, რომ შეიძლება, ისეთ სიტუაციაში აღმოვჩნდეთ, სადაც საკმარისი არ გვექნება გაკეთებული საფრთხეების შესაკავებლად

22:36, 07.09.2026

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის თქმით, პარტიები, რომლებიც ფიქრობენ, რომ მათ არაფერი უნდა გააკეთონ ულტრამემარჯვენე პარტიების წინააღმდეგ, ამ უმოქმედობით სინამდვილეში მათ აძლიერებენ. ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ლიეტუვაში ვიზიტის დროს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რითაც გერმანიაში, საქსონია-ანჰალტის საპარლამენტო არჩევნებში პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მიერ ხმების 43.8 პროცენტის მოპოვებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, ევროპას საბოტაჟი და სხვა საფრთხეები უახლოვდება. ამავდროულად, კალასმა აღნიშნა, რომ გერმანელმა ხალხმა არჩევანი თავად უნდა გააკეთოს.

„პარტიები, რომლებიც გარკვეულწილად ბრმები არიან ამ საფრთხის მიმართ, ამბობენ, რომ ჩვენ არაფერი უნდა გავაკეთოთ, რადგან ეს ჩვენი საქმე არ არის, ამით ისინი მოწინააღმდეგის პოზიციებს აძლიერებენ. ამიტომ, მე მეშინია, რომ შეიძლება, ისეთ სიტუაციაში აღმოვჩნდეთ, სადაც საკმარისი არ გვექნება გაკეთებული საფრთხეების შესაკავებლად და საკუთარი თავის დასაცავად. რა თქმა უნდა, თავად გერმანელმა ხალხმა, დემოკრატიულმა ქვეყანამ, თავად უნდა გააკეთოს არჩევანი“, – განაცხადა კალასმა.

ცნობისთვის, გერმანიაში, საქსონია-ანჰალტის ფედერალურ მიწაზე 6 სექტემბერს ჩატარებულ არჩევნებში „ალტერნატივა გერმანიისთვის“ პირველ ადგილზე გავიდა. პარტიამ ხმების 43.8 პროცენტი მოიპოვა, ხოლო ფრიდრიხ მერცის „ქრისტიან-დემოკრატიულმა კავშირმა“ (CDU) კი – 17.2 პროცენტი.

მსგავსი