კაია კალასი – ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-19 პაკეტზე იმუშავებს

23:14, 11.08.2025

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-19 პაკეტზე იმუშავებს, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა განაცხადა.

„რადგან რუსეთი ცეცხლის სრულ და უპირობო შეწყვეტას არ დათანხმდა, ჩვენ არც კი უნდა განვიხილოთ რამე სახის დათმობა. ნაბიჯების თანმიმდევრობა მნიშვნელოვანია. პირველ რიგში, ცეცხლის უპირობო შეწყვეტა ძლიერი მონიტორინგის სისტემით და უსაფრთხოების ურყევი გარანტიებით. ჩვენ სანქციების მე-19 პაკეტზე ვიმუშავებთ“, – განაცხადა კალასმა.

ამასთან, როგორც კალასი სოციალურ ქსელში წერს, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა დღეს მხარდაჭერა გამოხატეს აშშ-ის მიერ სამართლიანი მშვიდობისკენ მიმართული ნაბიჯების მიმართ.

„ჩვენ ვმუშაობთ რუსეთის წინააღმდეგ მეტი სანქციის დაწესებაზე, უკრაინისთვის მეტი სამხედრო მხარდაჭერისა და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის მეტი მხარდაჭერის საკითხებზე. ტრანსატლანტიკური ერთობა, უკრაინის მხარდაჭერა და რუსეთზე ზეწოლა – სწორედ ასე დავასრულებთ ამ ომს და თავიდან ავიცილებთ ევროპაში რუსეთის მომავალ აგრესიას“, – წერს კალასი.

მსგავსი