კაგავა და პაპუ მხარდამხარ შეუტევენ
კაგავა და პაპუ მხარდამხარ შეუტევენ

იაპონური ფეხბურთის თანამედროვეობის ყველაზე პოპულარული ფეხბურთელი შინჯი კაგავა „სარაგოსაში“ გადავიდა. აზიელმა ფეხბურთელმა დორტმუნდის „ბორუსიას“ რიგები დატოვა და ესპანურ კლუბთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

30 წლის ნახევარმცველმა ევროპული კარიერა დორტმუნდის „ბორუსიაში“ დაიწყო და საკმაოდ კარგადაც ათამაშდა. გერმანული კლუბიდან კაგავა „მანჩესტერ იუნაიტედმა“ შეიძინა. ფეხბურთელმა „წითელ ეშმაკებში“ ორი სეზონი გაატარა და ისევ გერმანულ კლუბს დაუბრუნდა.

იაპონელი მოთამაშე ისე ვეღარ ბრწყინავდა, როგორც ევროპული კარიერის დასაწყისში და „ბორუსიამ“ გასული საფეხბურთო სეზონის მეორე ნახევარში იჯარით თურქულ „ბეშიქთაშში“ გაუშვა. ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში კი შინჯიმ საკუთარი მომავალი სეგუნდა დივიზიონის „სარაგოსას“ დაუკავშირა, სადაც ქართველი შემტევი გიორგი პაპუნაშვილი –  პაპუ თამაშობს. „სარაგოსა“ წლების განმავლობაში პრიმერა დივიზიონის გუნდი იყო, მაგრამ ბოლო წლებია, ლა ლიგა 2-ში ასპარეზობს. შარშანწინ კლუბი ესპანეთის მთავარ ლიგაში აღზევევასთან ძალიან ახლოს იყო, მაგრამ წარმატებამდე სულ ცოტა დააკლდა. შარშანდელი სეზონი კი პაპუნაშვილის გუნდმა 15-ე პოზიციაზე დაასრულა.

დატოვე კომენტარი