„კადისის“ მთავარი მწვრთნელი - იური ტაბატაძის ტრანსფერმა გაამართლა #1TVSPORT
ესპანეთის ლა ლიგა 2-ში „რეალ სოსიედად B“-სთან 3:3 დასრულებული მატჩის შემდეგ „კადისის“ მთავარმა მწვრთნელმა, გაისკა გარიტანომ გუნდის ახალწვეულზე, იური ტაბატაძეზე ისაუბრა, რომლის მოედანზე შესვლისას „კადისი“ 1:3 აგებდა, ქართველმა თავდამსხმელმა კი დუბლი შეასრულა და გუნდს ქულა მოუტანა. ახალ გუნდში ჩატარებულ ორ შეხვედრაში ტაბატაძის ანგარიშზე უკვე სამი გოლია.
„თამაშის უმეტესი ნაწილი მეტოქე ჩვენზე უკეთესად თამაშობდა. მათ ორთაბრძოლების უმეტესობა მოიგეს და უფრო ინტენსიურად მოქმედებდნენ. 60 წუთის განმავლობაში კარგად არ გამოვიყურებოდით, მაგრამ ბოლო 25-30 წუთში გამოვფხიზლდით და თამაში გადავარჩინეთ.
ანგარიშის გათანაბრება მეორე ტაიმში შეცვლაზე შესული ფეხბურთელების დახმარებით მოვახერხეთ, ჩვენ ახალ გუნდს ვაშენებთ და ასეთი თამაშები წინსვლაში გვეხმარება.
განხორციელებულ ცვლილებებს დავუბრუნდები და ვიტყვი, რომ ახალი მოთამაშეების ტრანსფერებმა გაამართლა – იური ტაბატაძემ „კადისში“ მეორე მატჩი ჩაატარა და სამი გოლი გაიტანა, რაც ძალიან კარგი მაჩვენებელია“.