კაჭარავამ ჩემპიონს გაუტანა, ლორიამ იფრინა - „ანორთოსისმა“ გასვლაზე ჩემპიონი დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT

თემურ ქეცბაიას „ანორთოსისმა“ გასვლაზე ჩემპიონი ნიქოზიას „ომონია“ დაამარცხა, ხოლო ფამაგუსტელებს გამარჯვება ნიკა კაჭარავამ მოუტანა.

კვიპროსის ჩემპიონატის მე-6 ტურის შეხვედრა ნიქოზიაში გაიმართა და თემურ ქეცბაიამ აჩვენა, რომ კრიზისის დროს გუნდის დამუხტვა შეუძლია. მისმა გაწვრთნილებმა ხომ კვიპროსის მოქმედი ჩემპიონი მისსავე მოედანზე დაამარცხეს. არადა, „ანორთოსისს“ ბოლო სამი წელი ნიქოზიელებთან არ მოეგო.

ნიკა კაჭარავა ტრავმის შემდეგ ფორმაში შედის და ქეცბაიამ კვლავ „ანორთოსისის“ ძირითად შემადგენლობაში დააყენა, ისევე როგორც გიორგი ლორია. აქვე ვიტყვით, რომ ქართველმა მეკარემ შეხვედრა უმაღლეს დონეზე ჩაატარა და ფამაგუსტელები სამჯერ (44-ე, 62-ე და 93-ე წუთებზე) აშკარა გოლისგან გადაარჩინა.

27 წლის კაჭარავა 63-ე წუთზე შეცვალეს. მანამდე კი თავისი საქმე ჩინებულად გააკეთა და გუნდს სამი ქულა მოუტანა. 37-ე წუთზე მიკამ „ლედის“ (ფამაგუსტას კლუბის ზედმეტსახელია) ფეხბურთელების ლამაზი კომბინაციის შემდეგ ანგარიში გახსნა – 0:1. ნიკამ დელეტიჩისა და ვარდას განვითარებული შეტევა დააგვირგვინა და საბოლოოდ, შეხვედრა ასეც დასრულდა.

ამ გამარჯვებით ქეცბაიას „ანორთოსისმა“ 7 ტურის შემდეგ 9 ქულა დააგროვა და მე-11-დან მე-6 ადგილზე დაწინაურდა, ხოლო „აპოელი“ (7 ქულა) მე-10 ადგილზე დააქვეითა.