„ჯვაროსნების“ ყოფილი თავდამსხმელი - დარწმუნებული ვარ, საქართველოს ნაკრებში თამაში უმცროს გოჩა გოგრიჭიანსაც სურს #1TVSPORT
„ჯვაროსნების“ ყოფილი თავდამსხმელი - დარწმუნებული ვარ, საქართველოს ნაკრებში თამაში უმცროს გოჩა გოგრიჭიანსაც სურს #1TVSPORT

მოსკოვის ცსკა-ს ფეხბურთელი უმცროსი გოჩა გოგრიჭიანი მზადაა, საქართველოს სახელით ითამაშოს – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში  „საფეხბურთო ტაიმაუტი“ ჩართვისას ფეხბურთელის მამამ, გოჩა გოგრიჭიანმა განაცხადა.

„მეუბნებიან, რომ შენზე უკეთესიაო. მე არ ვამბობ როოგრც მამა – ვლაპარაკობ, როგორც სპეციალისტი. თუ რამე მესმის ფეხბურთში, მას აქვს ის, რამ მე არ მქონია. მე უფრო თავისუფალ თამაშს ვიყავი შეჩვეული და მწვრთნელი მეუბნებოდა, რომ დაცვაში არ წავსულიყავი, სულ წინ ვყოფილიყავი. ახლა სხვა მოთხოვნაა და იმას აკეთებს, რასაც ავალებენ. შექება არ მინდა, მაგრამ ისეთი გოლები გააქვს, თუ თამაში არ იცის, ვერ მოახერხებს. თავის გამოჩენის საშუალება უნდა მიეცეს. მომავალი აქვს. ფეხბურთი უყვარს და მგონია, რომ მე მაჯობებს“, – განაცხადა გოგრიჭიანმა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ .

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილის თავდამსხმელის შვილი, 2000 წლის 5 მაისს დაბადებული გოჩა გოგრიჭიანი-უმცროსი რუსეთის მოქალაქეა. ამპლუით თავდამსხმელი 2020 წლის ივნისში გოგრიჭიანი „როსტოვის“ ახალგაზრდული გუნდიდან მოსკოვის ცსკა-ში გადავიდა. თუმცა, კლუბს მისი განაცხადში შეყვანის უფლება არ ჰქონდა და მოსკოვის ცსკა-დან იჯარით ჯერ „აკრონში“ წავიდა, ამჟამად კი პირველი ლიგის ივანოვოს „ტეკსტილსჩიკშია“, სადაც 20 მატჩში 7 გოლით გუნდის ბომბარდირია.

რომ ჰქონდეს არჩევანი, საქართველოს ნაკრები თუ რუსეთის, არჩევანი გაკეთებული აქვს?“ – წამყვანის ამ კითხვაზე უფროს გოჩა გოგრიჭიანს გაეცინა.

„მე დარწმუნებული ვიყავი, ამ კითხვას დამისვავდით და ვემზადებოდი. მაგრამ პასუხისთვის ამ წუთსაც არ ვარ მზად. მას აქვს კონტრაქტი ცსკა-სთან და აგენტთან და ყველაფერს მის ნაცვლად ვერ გადავწყვეტ. ვერც ცსკა-ს გადავახტები და ვერც – აგენტს. მაგრამ თავის დროზე მე მსურდა საქართველოს ნაკრებში თამაში და დარწმუნებული ვარ, ჩემს შვილსაც იგივე სურს. მაგრამ 100-პროცენტით ვერ გეტყვით. არის ვითარება, რომელიც ჩვენზე დამოკიდებული არაა. შეიძლება, როგორც მამას დამიჯეროს“, – განაცხადა გოჩა გოგრიჭიანმა.