ჯუნეტ ჩექირი - შევეცდებით, საერთაშორისო მატჩებში მეტი ქართველი არბიტრი ჩავრთოთ #1TVSPORT
ჯუნეტ ჩექირი - შევეცდებით, საერთაშორისო მატჩებში მეტი ქართველი არბიტრი ჩავრთოთ #1TVSPORT

ჯუნეტ ჩექირმა, რომელიც ქართული სამსაჯო კორპუსის ხელმძღვანელად დაინიშნა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას მოწვევისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა.

„მადლობა ლევან კობიაშვილს, დავით მუჯირსა და, ზოგადად, სფფ-ის ხელმძღვანელობას, რომელმაც გამიზიარა თავისი ხედვა, გეგმები და მოსაზრებები მსაჯობასთან დაკავშირებით. ეს პოზიტიური მიდგომა არის მთავარი მიზეზი, რის გამოც მე დღეს აქ ვარ.

კარიერაში არაერთ დიდ მატჩსა და ტურნირში ვმონაწილეობდი. ჩემი მთავარი მიზანი ყოველთვის წარმატების მიღწევა იყო, ჩვენი პირველი მიზანიც სწორედ ამისკენ ნაბიჯების გადადგმა იქნება. დავნერგავთ თანამედროვე სტანდარტებს მსაჯთა მომზადებაში და შევეცდებით, საერთაშორისო მატჩებში მეტი ქართველი არბიტრი ჩავრთოთ.

პატივს ვცემთ ყველა კლუბს, მოთამაშესა და მწვრთნელს, საპასუხოდ კი ველით, რომ მოედანზე იგივე პატივისცემა მივიღოთ. ჩვენი მიზანია, ყველა მსაჯი საუკეთესოდ მოვამზადოთ ეროვნული ლიგის თამაშებისთვის, რათა მხოლოდ მოედანზე ნაჩვენები ფეხბურთის ხარისხი იყოს სალაპარაკო თემა.

ჩვენ მეზობლები ვართ და მინდა, რომ ჩემი აქ ყოფნის პერიოდში ჩვენს ქვეყნებს შორის უფრო ძლიერი კავშირები ჩამოყალიბდეს – ეს ჩემთვის ძალიან საამაყო იქნება“, – ამბობს ჯუნეტ ჩექირი.

ცნობილი თურქი არბიტრი 2010 წლიდან რეგულარულად მსაჯობდა უეფა-სა და ფიფა-ს ეგიდით გამართულ მაღალი დონის მატჩებს: მან იმსაჯა 2012 წლის ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალი (ესპანეთი-პორტუგალია), 2012 წლის ფიფა-ს საკლუბო ჩემპიონატის ფინალი („კორინთიანსი“ – „ჩელსი“), 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალი (ნიდერლანდები-არგენტინა), 2015 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი („ბარსელონა“ – „იუვენტუსი“), 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალი (ხორვატია – ინგლისი).

ამას გარდა, ჯუნეტ ჩექირი უეფა-სა და ფიფა-ს ეგიდით გამართულ მატჩებზე დამკვირვებლის სტატუსით მუშაობდა, წლების განმავლობაში სტაბილურად მსაჯობდა ჩემპიონთა ლიგის და ევროპის ლიგის პლეი ოფის მატჩებს. სულ (2001-2022 წლებში) თურქეთის სუპერლიგაში – 385, საერთაშორისო ასპარეზზე კი 204 თამაში განსაჯა.

ჯუნეტ ჩექირმა 2007 წელს საქართველოს თასის ფინალი („ამერი“ „ზესტაფონი“ 1:0) განსაჯა. ეს იყო საქართველოს თასის ფინალების ისტორიაში პირველი შემთხვევა, როდესაც გადამწყვეტ შეხვედრას უცხოელები გაუძღვნენ. ინიციატივა პროფესიული ფეხბურთის ლიგის ხელმძღვანელებს (პრეზიდენტი – დიმიტრი რამიშვილი, გენერალური მდივანი – პაატა ბურჯალიანი) ეკუთვნოდათ.