ჯუღელმა იტალიელების ინტერესი დაადასტურა - აზაროვსა და დავითაშვილს სერია „ა“-ს კლუბები აკვირდებიან #1TVSPORT
ჯუღელმა იტალიელების ინტერესი დაადასტურა - აზაროვსა და დავითაშვილს სერია „ა“-ს კლუბები აკვირდებიან #1TVSPORT

საქართველოს ნაკრებისა და ბათუმის „დინამოს“ მოთამაშეებს, ირაკლი აზაროვსა და ზურიკო დავითაშვილს იტალიის ჩემპიონატის კლუბები აკვირდებიან – ამის შესახებ მამუკა ჯუღელმა განაცხადა, რომელიც „ნაპოლიში“ ხვიჩა კვარაცხელიას გადასვლის ორგანიზატორი იყო.

„აზაროვსა და დავითაშვილზეც არის საუბარი სერია „ა“-ს კლუბებში. იტალიურ კლუბების წარმომადგენლები ნამდვილად იყვნენ ჩამოსულები, აკვირდებოდნენ, მათ შორის ნაკრებშიც და კიდევ დააკვირდებიან. ახლა ყველაფერი გვერდზე მაქვს გადადებული – ზურიკოსა და აზაროვის წაყვანა მინდა. წინასწარ ლაპარაკი არ მიყვარს, მაგრამ უახლოეს მომავალში რაღაცას ველოდებით“, – განაცხადა საფეხბურთო მენეჯერმა გადაცემაში „სპორტი იმედზე“.

მამუკა ჯუღელის თქმით, ძლიერ ლიგაში გადასასვლელად გარკვეული ნაბიჯებია საჭირო: 

„მეც მინდა, აზაროვმა „არსენალში“ ითამაშოს, დავითაშილმა კი – „რეალში“, მაგრამ საქართველოს ჩემპიონატიდან ტოპ-ლიგაში გადასვლამდე, ფეხბურთელი ჯერ საშუალო ევროპული დონის გუნდში უნდა მოხვდეს, ნაკრებში ითამაშოს და იქ უნდა დაამტკიცოს. შემდეგ მოდის სერია „ა“, პრემიერლიგა, ლა ლიგა. უცებ არაფერი ხდება, უცებ ქვეყანას ვერ ააშენებ“.