ჯუდი მარეი - ვფიქრობ, ენდი დაბრუნდება
ჯუდი მარეი - ვფიქრობ, ენდი დაბრუნდება

მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანის, ბრიტანელი ენდი მარეის დედამ ჯუდი მარეიმ განაცხადა, რომ მის ვაჟს ძალუძს თამაშში დაბრუნება ბარძაყზე გადატანილი ოპერაციის შემდეგ.

„ვფიქრობ, ენდი დაბრუნდება. ამასთან, მას გაცნობიერებული აქვს, რომ დაბრუნება, შესაძლოა, არ შედგეს. ის ჭკვიანი ბიჭია, ცხოვრებაში ბევრი სხვა ინტერესი აქვს. ჩოგბურთის შემდეგ, მას შეუძლია სხვა საქმე გამონახოს. ბობ ბრაიანი დაბრუნდა მსგავსი ტრავმის შემდეგ, მაგრამ ის წყვილების მოთამაშეა და უფრო ნაკლები ფიზიკური დატვირთვა უწევს. მიუხედავად ამისა, ენდი ყველაფერს გააკეთებს, რათა საკუთარ თავს შანსი მისცეს. ყველაზე მთავარია, რომ ტკივილი მოიცილოს, რომელიც ბოლო 20 თვეა აწუხებს“, – განაცხადა მარეიმ სააგენტო „ესოშიეთიდ პრესთან“ (Assosiated Press) კომენტარში.​

მარეიმ თითქმის მთლიანად გამოტოვა შარშანდელი სეზონი. წელს, ავსტრალიის ღია პირველობის წინ, მან განაცხადა, რომ მიდის დიდი ჩოგბურთიდან, მაგრამ შემდეგ თქვა, რომ მზად არის განმეორებითი ოპერაციისთვის, რათა ჩოგბურთს დაუბრუნდეს.