ჯუანშერ ბურჭულაძე - სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე აქამდეც გვქონდა მკაცრი კონტროლი, დღეს ეს კონტროლი გამკაცრებულია და ამ ეტაპზე, ვერ ვხედავთ საფრთხეებს
ჯუანშერ ბურჭულაძე - სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე აქამდეც გვქონდა მკაცრი კონტროლი, დღეს ეს კონტროლი გამკაცრებულია და ამ ეტაპზე, ვერ ვხედავთ საფრთხეებს

სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე აქამდეც გვქონდა მკაცრი კონტროლი, სად მიდიოდნენ ტურისტები, რა სახსრებით და ა.შ. დღეს ეს კონტროლი არის კიდევ უფრო მეტი რესურსით, გამკაცრებული და ჩვენ ვერ ვხედავთ საფრთხეებს ამ ეტაპზე, – განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ ლარსში რუსეთიდან მოქალაქეების შემოსვლასთან დაკავშირებით.

„თქვენ თუ ინდივიდუალურ დონეზე მეკითხებით, რუსეთის ყველა მოქალაქე არის თუ არა კეთილსინდისიერი, ეს ამ სიტუაციამდეც იყო რისკი, ანუ თეორიული რისკი რაც იყო, იგივე დარჩა. თეორიული რისკი, რომ ინდივიდუალურ დონეზე რუსეთის რომელიმე მოქალაქე შეიცავდეს საფრთხეს, მანამდეც არსებობდა-მეთქი, როგორც კონტროლდებოდა, ისე კონტროლდება, თუ რისკის ეჭვები ჩნდება, კონტროლდება“, – მიმართა მინისტრმა ჟურნალისტებს.

რაც შეეხება რუსეთის ტერიტორიაზე, საზღვის სიახლოვეს რუსეთის მიერ ცოცხალი ძალისა და მძიმე ტექნიკის მობილიზების საკითხზე დასმულ შეკითხვას, მინისტრმა განაცხადა: „ეს რუსეთის შიდა საკითხია, ჩვენ ამ მობილიზებაში ვერ ვხედავთ სამხედრო აგრესიის შემცველ საფრთხეს; ასე რომ, ამ ეტაპზე ასე არ განვიხილავთ“.