ჯოზეფ ბორელსა და აზერბაიჯანის საგარეო უწყების ხელმძღვანელს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
ჯოზეფ ბორელსა და აზერბაიჯანის საგარეო უწყების ხელმძღვანელს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვსა და საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჯოზეფ ბორელს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. მხარეებმა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი განიხილეს.

სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„მინისტრმა აღნიშნა, რომ სომხეთი აზერბაიჯანის დასახლებული პუნქტების მიმართულებით საარტილერიო დანადგარებიდან და რაკეტებით ცეცხლის გახსნით ცდილობს, კონფლიქტში მესამე ქვეყნები ჩაითრიოს, რაც არის საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და პრინციპების უხეში დარღვევა“, – ციტირებს აზერბაიჯანის საგარეო უწყება ბაირამოვის სიტყვებს.

ოფიციალური ბაქოს განცხადებით, ბორელმა რეგიონში დაძაბულობის გამო შეშფოთება გამოთქვა და განაცხადა, რომ ევროკავშირი ვითარების დეესკალაციით არის დაინტერესებული და მხარს უჭერს ეუთო-ს მინსკის ჯგუფის ძალისხმევას.