ჯოზეფ ბორელმა​ რუსების მიერ მიკოლაევში მარცვლეულის ტერმინალის განადგურება დაგმო
ჯოზეფ ბორელმა​ რუსების მიერ მიკოლაევში მარცვლეულის ტერმინალის განადგურება დაგმო

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა​ რუსების მიერ მიკოლაევში მარცვლეულის ტერმინალის განადგურება დაგმო და განაცხადა, რომ რუსეთის სარაკეტო დარტყმები ხელს უწყობს გლობალურ სასურსათო კრიზისს. ამის შესახებ ბორელმა „ტვიტერში“ დაწერა.

„კიდევ ერთი რუსული სარაკეტო დარტყმა, რომელიც ხელს უწყობს გლობალურ სასურსათო კრიზისს. რუსულმა ძალებმა უკრაინაში, მიკოლაევში, მარცვლეულის მეორე უდიდესი ტერმინალი გაანადგურეს.

ასეთი ცნობების ფონზე, პუტინის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია, ბრალეულობის უარყოფის შესახებ, სულ უფრო ცინიკური ხდება“, – ნათქვამია ჯოზეფ ბორელის განცხადებაში.

რუსეთმა ქალაქ მიკოლაევზე სარაკეტო დარტყმა 4 ივნისს განახორციელა. რაკეტა მარცვლეულის საწყობს დაეცა, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა.