ჯოზეფ ბორელი - მხარს ვუჭერთ ისრაელის თავდაცვის უფლებას, მაგრამ ვამბობთ, რომ ეს უნდა ხდებოდეს საერთაშორისო და ჰუმანიტარული სამართლის შესაბამისად
ჯოზეფ ბორელი - მხარს ვუჭერთ ისრაელის თავდაცვის უფლებას, მაგრამ ვამბობთ, რომ ეს უნდა ხდებოდეს საერთაშორისო და ჰუმანიტარული სამართლის შესაბამისად

ისრაელს აქვს თავდაცვის უფლება და არა შურისძიების, – ამის შესახებ მედიასთან საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენლმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.

ბორელმა აღნიშნა, რომ ღაზაში არსებული ჰუმანიტარული კრიზისის შესაჩერებლად საჭიროა ისრაელის მხრიდან კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა.

„ის, რაც დღეს ღაზაში ხდება, არის კაცობრიობის მარცხი. ეს არ არის ჰუმანიტარული კრიზისი. ეს კაცობრიობის მარცხია. ერთადერთი გზა ამ ჰუმანიტარული კრიზისის, ადამიანური კრიზისის შესაჩერებლად არის ის, რომ ისრაელმა მეტი პატივი სცეს მშვიდობიან მოსახლეობას და დაუშვას მეტი მხარდაჭერა ღაზაში. რა თქმა უნდა, ისრაელს აქვს თავდაცვის უფლება და არა შურისძიების. ჩვენ მხარს ვუჭერთ ისრაელის თავდაცვის უფლებას, მაგრამ ამავდროულად ვამბობთ, რომ ეს უნდა ხდებოდეს საერთაშორისო სამართლისა და ჰუმანიტარული სამართლის შესაბამისად“, – განაცხადა ბორელმა.

ევროკავშირის ლიდერები ბრიუსელში უკრაინასთან დაკავშირებული საკითხებისა და ღაზაში არსებული კრიზისის განსახილველად შეიკრიბნენ.

ლიდერებმა სამიტზე იმსჯელეს, გამოიყენებენ თუ არა უკრაინისთვის იარაღის შესაძენად იმ თანხებს, რომლებიც რუსული ფინანსური აქტივების გაყინვის შედეგად დაგროვდა. საუბარია მილიარდობით ევროზე.

სამიტზე იმყოფებოდა გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეშიც, რომელმაც ისაუბრა უკრაინაში მშვიდობის დამყარებასა და ღაზაში ცეცხლის შეყვეტის აუცილებლობაზე.

„უკრაინისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მშვიდობა გაერო-ს წესდების, საერთაშორისო სამართლის, ასევე უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პატივისცემით. სწორედ ამავე მიზეზების გამო გვჯერა, რომ ჩვენ გვჭირდება ცეცხლის შეწყვეტა ღაზაში“, – აღნიშნა გუტერეშმა.