ჯოზეფ ბორელი - ევროკავშირი მკაცრი ფორმით გმობს ალექსეი ნავალნის მოწამვლას, აუცილებელია, რუსეთის მთავრობამ გამჭვირვალედ გამოიძიოს ნავალნის მკვლელობის მცდელობა
ჯოზეფ ბორელი - ევროკავშირი მკაცრი ფორმით გმობს ალექსეი ნავალნის მოწამვლას, აუცილებელია, რუსეთის მთავრობამ გამჭვირვალედ გამოიძიოს ნავალნის მკვლელობის მცდელობა

ალექსეი ნავალნის ნერვული აგენტით მოწამვლას ეხმაურება საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისარი ჯოზეფ ბორელი.

„ევროკავშირი ყველაზე მკაცრი ფორმით გმობს რუსი ოპოზიციონერი ლიდერი ალექსეი ნავალნის მოწამვლას. გერმანიის შეიარაღებული ძალების სპეციალიზებული ლაბორატორიის მიერ განხორციელებული ტოქსიკოლოგიური ანალიზი ადასტურებს, რომ ბატონი ნავალნი მოწამლეს საბჭოთა კავშირის და მოგვიანებით რუსეთის მიერ განვითარებული „ნოვიჩოკის“ ჯგუფის სამხედრო დონის ქიმიური ნერვული აგენტით. ქიმიური იარაღის გამოყენება ნებისმიერ ვითარებაში ყოვლად მიუღებელია და საერთაშორისო სამართლის დარღვევაა.
აუცილებელია, რომ რუსეთის მთავრობამ ზედმიწევნით და გამჭვირვალედ გამოიძიოს ბატონი ნავალნის მკვლელობის მცდელობა. ალექსეი ნავალნის საქმე გაუხსნელი არ უნდა დარჩეს. პასუხისმგებელი პირები მართლმსაჯულების წინაშე უნდა წარდგნენ. ევროკავშირი ყურადღებით განაგრძობს საკითხზე დაკვირვებას და განიხილავს შესაძლო შედეგებს“, – ვკითხულობთ ჯოზეფ ბორელის განცხადებაში.