ჯოზეფ ბორელი - ახლა, როცა ომი გახანგრძლივდა და ენერგიის ფასები იზრდება, ხალხი ფიქრობს, მოქმედებს თუ არა სანქციები, ისინი რჩება პოლიტიკური მოქმედების მნიშვნელოვან ინსტრუმენტად
ჯოზეფ ბორელი - ახლა, როცა ომი გახანგრძლივდა და ენერგიის ფასები იზრდება, ხალხი ფიქრობს, მოქმედებს თუ არა სანქციები, ისინი რჩება პოლიტიკური მოქმედების მნიშვნელოვან ინსტრუმენტად

რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები მუშაობს, – აღნიშნულის შესახებ საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა საკუთარ ბლოგზე დაწერა.

ბორელი წერს, რომ ბევრი ადამიანი სვამს კითხვას, მოქმედებს თუ არა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები.

„ის სანქციები, რომლებიც უკვე მიღებულია ევროკავშირისა და მისი პარტნიორების მიერ, ძლიერ აზიანებს ვლადიმერ პუტინს და მის ახლო გარემოცვას და ამ სანქციების გავლენა რუსეთის ეკონომიკაზე გაგრძელდება. ჩვენ უნდა გამოვავლინოთ სტრატეგიული მოთმინება, ვიდრე რუსეთი არ შეწყვეტს თავის აგრესიას და უკრაინა არ შეძლებს, სრულად აღადგინოს თავისი სუვერენიტეტი“, – წერს ბორელი.

ჯოზეფ ბორელის თქმით, ევროკავშირმა მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების ექვსი პაკეტი მიიღო და ამასთან, ევროკომისიამ წარადგინა „გაგრძელებისა და მიერთების“ პაკეტის მიღება, რომელმაც უნდა განმარტოს წინა სანქციების პაკეტების რიგი დებულებები, გააძლიეროს მათი გამოყენების სამართლებრივი სიზუსტე და დააკავშიროს ევროკავშირის სანქციები პარტნიორების, კერძოდ „დიდი შვიდეულის“ სანქციებთან.

„ახლა, როდესაც ომი გახანგრძლივდა და ენერგიის ფასები იზრდება, ევროპაში და მის ფარგლებს გარეთ ხალხი ფიქრობს, მოქმედებს თუ არა სანქციები და ძალიან მძიმე ხომ არ არის მათი გვერდითი ეფექტი. სანქციები რჩება პოლიტიკური მოქმედების მნიშვნელოვან ინსტრუმენტად, მაგრამ ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ისინი მიზანმიმართულად. პირველ რიგში, ისინი მოითხოვს სტრატეგიულ მოთმინებას, რადგან სასურველი ეფექტის მიღწევას შეიძლება, დიდი დრო დასჭირდეს“, – განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.

ბორელი აცხადებს, რომ ერთ-ერთი უმთავრესი სანქცია ევროკავშირის მხრიდან 2022 წლის ბოლომდე რუსეთისგან ნავთობის 90%-ით შესყიდვის აკრძალვას გულისხმობს, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს რუსეთის შემოსავლებს და ის იძულებული გახდება, საკუთარი ნავთობი ბევრად იაფად გაყიდოს სხვაგან. მისი თქმით, რუსეთისგან ენერგოდამოუკიდებლობა უმნიშვნელოვანესია ევროკავშირისთვის, რაც მრავალი წლის განმავლობაში მოსკოვის აგრესიულ ქმედებებზე ევროპული პოლიტიკის ჩამოყალიბებაში დაბრკოლებას წარმოადგენდა.

„ამ დამოკიდებულებამ ალბათ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა პუტინის თავდაპირველ გათვლებში უკრაინასთან დაკავშირებით. ის დარწმუნებული იყო, რომ ევროკავშირი არასოდეს დაუწესებდა სერიოზულ სანქციებს რუსეთს, რომელიც მასზე ენერგეტიკულად იყო დამოკიდებული. ეს იყო მისი ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა, როდესაც მან დაიწყო ეს ომი“, – წერს ბორელი.

ჯოზეფ ბორელი აღნიშნავს, რომ რუსეთის ენერგეტიკული დამოკიდებულებისგან ადრეული „დეტოქსიკაციის“ გამო ზოგიერთი ქვეყანა და ევროპის ეკონომიკის ზოგიერთი სექტორი დიდ საფასურს გადაიხდის, მაგრამ ეს არის ფასი, რომელიც გადასახდელი არის ევროპული დემოკრატიისა და საერთაშორისო სამართლის დასაცავად.

„ენერგეტიკული დამოკიდებულების განადგურებით, ევროკავშირი აცნობიერებს, რომ ურთიერთდამოკიდებულება ყოველთვის არ არის ნეიტრალური ინსტრუმენტი, რომელიც ყველას სარგებელს მოუტანს ან უზრუნველყოფს მშვიდობიან საერთაშორისო ურთიერთობებს. უკრაინის წინააღმდეგ ომი ადასტურებს, რომ ურთიერთდამოკიდებულება შეიძლება გამოყენებულ იქნას იარაღად“, – აღნიშნავს ბორელი.

ბორელი წერს, რომ სანქციები განსაკუთრებით დაარტყამს ელექტრონიკას, კომპიუტერებს, თვითმფრინავების, ავტომობილებისა და სამხედრო აღჭურვილობის წარმოებას, რასაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ომის დროს. მაღალი ტექნოლოგიების არარსებობით რუსეთი ვერ შეძლებს რაკეტების და სხვა მაღალტექნოლოგიური საბრძოლო მასალის თუ იარაღის დამზადებას. მისი თქმით, რუსეთის მეცნიერული, ტექნოლოგიური და ეკონომიკური იზოლაცია ქვეყნისთვის ყველაზე დიდი წაგებაა საშუალოვადიან პერსპექტივაში.