ჯოვანი სიმეონე - მოედანზე მივხვდი, რომ კვარაცხელია ნამდვილი მხეცია #1TVSPORT
ჯოვანი სიმეონე - მოედანზე მივხვდი, რომ კვარაცხელია ნამდვილი მხეცია #1TVSPORT

„ნაპოლის“ თავდამსხმელმა, ჯოვანი სიმეონემ ესპანურ გაზეთ As-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა, რომელშიც სპალეტიზე, ოსიმენსა და კვარაცხელიაზე ისაუბრა.

„ლუჩანო სპალეტი ფეხბურთის და ცხოვრების ოსტატია. ყოველთვის პოულობს ისეთ სიტყვებს, რომ გაიძულებს, მოუსმინო. მისი თქმით, დასვენება და ოჯახთან ერთად ყოფნა სჭირდებოდა – ამ გადაწყვეტილებას პატივი უნდა ვცეთ. ჩვენ გვიყვარს სპალეტი, მასთან მუშაობა სასიამოვნო იყო და ჩვენ მისთვის საუკეთესო გვინდა. ის საუკეთესოს იმსახურებს.

მამასთან ვარჯიშის სურვილი სულ მქონდა, მაგრამ ეს თუნდაც გასახდელში არაკომფორტულია. ფეხბურთელები  მწვრთნელებით კმაყოფილი ყოველთვის არ არიან და გამოჩნდებოდნენ ადამიანები, რომლებიც მამაჩემზე ცუდს ილაპარაკებდნენ.

ოსიმენზე სულ მგონია, რომ ყოველთვის გვერდით არის. როცა ბურთს იღებს, მუდამ რაღაცას იგონებს. ის სპონტანური მოთამაშეა, მოძრაობებს წინასწარ არ ამზადებს, არსაიდან ჩნდება და ეს მცველების საქმეს ძალიან ართულებს. მან იცის, როგორ იპოვოს სივრცე და კარგად დაარტყას.

კვარაცხელიას რაც შეეხება, თვალში უპირველესად ის მხვდება, რომ ყოველთვის ცდილობს მცველზე წავიდეს. სხვაზე არაფერზე ფიქრობს, თუნდაც ტრავმა მიიღოს. სულ თავის დრიბლინგს იმეორებს. ვიცოდი, რომ ძლიერი მოთამაშე იყო, მაგრამ მოედანზე რომ ვნახე, მივხვდი – ნამდვილი მხეცია, ისევე როგორც ვიქტორი“, – ამბობს ჯოვანი სიმეონე.