ჯოშუას ახალი მეტოქე ენდი რუისი გახდა
ჯოშუას ახალი მეტოქე ენდი რუისი გახდა

გაირკვა ბრიტანელი სუპერმძიმეწონოსნის, WBA-ის, WBO-სა და IBF-ის ვერსიებით მსოფლიო ჩემპიონ ენტონი ჯოშუას ახალი მეტოქის ვინაობა.

ჯოშუას პირველ ივნისს უნდა დაეცვა ტიტულები ამერიკელი ჯარელ მილერის (23-0-1, 20KO) წინააღმდეგ, მაგრამ ამ უკანასკნელმა დოპინგ-ტესტი ჩააგდო და დისკვალიფიკაცია მიიღო.

ამის შემდეგ, ჯოშუას ახალი მოწინააღმდეგე გამოუძებნეს – ეს ამერიკელი ენდი რუისია (32-1, 21KO). ბრძოლის თარიღი უცვლელია – პირველი ივნისი, ჩატარების ადგილი – ნიუ იორკის „მედისონ სკვერ გარდენი“. კონტრაქტი უკვე გაფორმებულია.

აღსანიშნავია, რომ რუისმა სულ ახლახან გამართა ბრძოლა გერმანელ ალექსანდრ დიმიტრენკოს წინააღმდეგ და მეხუთე რაუნდში ნოკაუტით მოიგო. ასე რომ, ამერიკელს 41 დღის განმავლობაში ორი ბრძოლის ჩატარება უწევს.