ჯოშუა ფიურისთან ბრძოლისთვის ტიტულს თმობს
ჯოშუა ფიურისთან ბრძოლისთვის ტიტულს თმობს

სუპერმძიმე წონაში WBA-ს, WBO-სა და IBF-ის ვერსიებით ჩემპიონმა ენტონი ჯოშუამ გამოთქვა მზადყოფნა – დათმოს WBO-ის ტიტული ბრიტანელ ჩემპიონთან ტაისონ ფიურისთან შესახვედრად.

„ხალხი ნერვიულობს, დავუთმობ თუ არა WBO-ის ტიტულს ალექსანდრ უსიკს? მომიწევს თუ არა ქამარზე უარის თქმა? არ ვიცი. არ მინდა ამის გაკეთება, რადგან აბსოლუტური ჩემპიონის ტიტულს ვუახლოვდები. მაგრამ დარწმუნებული ვარ, როცა ფიურის დავამარცხებ, მაინც ვიბრძოლებ WBO-ის ქამრისთვის.

მინდა ფიურისთან ჩხუბი, შემდეგ ისევ დავამარცხო ის მატჩ-რევანშში – ეს იქნება ორი სერიოზული დაპირისპირება. ამის შემდეგ დავუბრუნდები WBO-ის ტიტულს“, – თქვა ენტონიმ „სანისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ 12 დეკემბერს ჯოშუამ წარმატებით დაიცვა ტიტულები მას შემდეგ, რაც ნოკაუტით დაამარცხა ბულგარელი კუბრატ პულევი.