ჯორჯ ვეამ ნიგერიის წინააღმდეგ ითამაშა

08:20, 12.09.2018

ლიბერიის პრეზიდენტმა და წარსულში ცნობილმა ფეხბურთელმა ჯორჯ ვეამ თავისი ქვეყნის ეროვნული ნაკრების მაისური კიდევ ერთხელ ჩაიცვა და 51 წლის ასაკში ამხანაგური მატჩი ითამაშა. დედაქალაქ მონროვიაში გამართული თამაში სტუმრების, ნიგერიის ნაკრების გამარჯვებით, 2-1 დასრულდა, ვეამ კი მოედანზე 79 წუთი დაჰყო.

მატჩი სიმბოლურ ხასიათს ატარებდა: ლიბერიის ნაკრებმა გადაწყვიტა, 14-ნომრიანი მაისური, რომლითაც ვეა კარიერის მწვერვალზე თამაშობდა, საერთოდ ამოეღო ხმარებიდან.

80-ე წუთზე, როდესაც იტალიური „მილანის“ ყოფილი თავდამსხმელი შეცვალეს, მაყურებელი მას ფეხზე წამოუდგა და ოვაციები გაუმართა.

შეგახსენებთ, რომ ჯორჯ ვეა პირველი აფრიკელი ფეხბურთელია, რომელიც ფიფას ვერსიით მსოფლიოში საუკეთესოდ დასახელდა.

მსგავსი