ჯორჯ სენტ პიერი - თუ ყველაფერი სწორად დალაგდება, ჩემი და ხაბიბის ბრძოლა გაიმართება (ვიდეო)

აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის მსუბუქი წონის ჩემპიონი ხაბიბ ნურმაგომედოვი (28-0) მომავალი მეტოქის მოლოდინშია.

დაღესტნელმა სექტემბერში დასტინ პორიე დაამარცხა და ჩემპიონის ტიტული კიდევ ერთხელ დაიცვა. ხაბიბის მომდევნო მეტოქეზე ამერიკულ და მსოფლიო მედიაში აქტიური საუბრები მიმდინარეობს. თავად ხაბიბმა უკვე დაასახელა ის მებრძოლები, რომელთა წინააღმდეგაც ტიტულის დაცვა სურს. ესენი არიან ტონი ფერგიუსონი და ჯორჯ სენტ პიერი.

კანადელმა რამდენიმე თვის წინ აქტიური სპორტიდან წასვლის შესახებ განაცხადა, თუმცა მას შემდეგ ნურმაგომედოვთან შეხვედრის სურვილი არაერთხელ გამოთქვა. 

მორიგი ინტერვიუ სენტ პიერმა „იესპინეის“ (ESPN) ჟურნალისტ მარკ კრიგელს მისცა, სადაც საკუთარ კარიერაზე და ხაბიბთან შესაძლო დაპირისპირებაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა. იგი აცხადებს, რომ მზად არის ხაბიბს ებრძოლოს, მიუხედავად მისი ასაკისა (38 წლის), თუმცა აქამდე ამ ბრძოლის ორგანიზება აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის უარის გამო ვერ მოხერხდა.