ჯორჯ სენ პიერი კონორ მაკგრეგორის მარცხს გამოეხმაურა და ირლანდიელს რჩევები მისცა [ვიდეო]
ჯორჯ სენ პიერი კონორ მაკგრეგორის მარცხს გამოეხმაურა და ირლანდიელს რჩევები მისცა [ვიდეო]

შერეული ორთაბრძოლების ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლი და UFC-ის ორი წონითი დივიზიონის ყოფილი ჩემპიონი, ჯორჯ სენ პიერი კონორ მაკგრეგორის მარცხს გამოეხმაურა. კანადელი მაიკლ ბისპინგის პოდკასტს (“Believe You Me” podcast) სტუმრობდა.

„ჯი ეს პი“ საკმაოდ გაკვირვებული იყო ირლანდიელის წაგებით.

„მე მეგონა, რომ კონორი გაიმარჯვებდა, მაგრამ შევცდი. ამან ძალიან გამაკვირვა. მე ვფიქრობ, რომ კონორის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მხარე მენტალური ბრძოლის მოგებაა. მთელი ის ინფორმაცია, რომელსაც მაკგრეგორი მეტოქეს აწვდის ბრძოლამდე, ეხმარება მას მორალური უპირატესობის მოპოვებაში.

კონორი ახერხებს მოწინააღმდეგის ტვინში შეღწევას, თუმცა, ამჯერად პორიემ მოახერხა ამის დაძლევა. მან მაკგრეგორი დაანოკაუტა. ახლა უკვე საინტერესოა, თუ როგორ შეძლებს თავად კონორი ამ მარცხის შემდგომ დაბრუნებას. მე მიმაჩნია, რომ მას გააჩნია რესურსი იმისათვის, რომ უფრო ძლიერი დაბრუნდეს და ვითარება გამოასწოროს. მან უნდა შეცვალოს ვარჯიშის სტილი. კონორმა უნდა იპოვოს პრობლემა, რომელმაც მას ეს ბრძოლა წააგებინა.

შემიძლია, ჩემი კარიერიდან მოვიყვანო მაგალითი, როდესაც მეტ სერასთან დავმარცხდი, მე ჩემს თავს შთავაგონე, რომ მარცხის მიზეზი მეტოქის არ დაფასება იყო. საბოლოოო ჯამში, მე სერას რემატჩი მოვუგე, აქედან გამომდინარე შემიძლია ვთქვა, რომ სწორი დასკვნები გავაკეთე. მაკგრეგორმა უნდა იპოვოს ის, რაც მან პორიესთან ბრძოლაში არასწორად გააკეთა და ამ კომპონენტზე იმუშაოს“.