ჯორჯ ბუშ უფროსის ცხედარი ჰიუსტონიდან ვაშინგტონში, კაპიტოლიუმში გადაასვენეს [ფოტო]
ჯორჯ ბუშ უფროსის ცხედარი ჰიუსტონიდან ვაშინგტონში, კაპიტოლიუმში გადაასვენეს [ფოტო]

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტის, ჯორჯ ბუშ უფროსის ცხედარი ჰიუსტონიდან ვაშინგტონში, კაპიტოლიუმში გადაასვენეს, სადაც მას ამერიკელი პოლიტიკოსები და მოქალაქეები პატივს მიაგებენ.

გადასვენების ცერემონიალში აშშ-ის 41-ე პრზიდენტის შვილი, ჯორჯ ბუშ უმცროსი, ოჯახის სხვა წევრები, მეგობრები და ყოფილი პრეზიდენტის ადმინისტრაციის წევრები, ასევე მისი ძაღლი „სალი“ მონაწილეობდნენ.

კაპიტოლიუმის ტერიტორიაზე ჯორჯ ბუშთან გამოსამშვიდობებელ ცერემონიაზე აშშ-ის პრეზიდენტი და პირველი ლედი დონალდ და მელანია ტრამპები, ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი, ამერიკელი კონგრესმენები, ასევე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები მივიდნენ. პრეზიდენტს ასევე პატივი მიაგეს ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა, ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა დიკ ჩეინიმ და სხვა პოლიტკოსებმა, რომლებიც ჯორჯ ბუშის პრეზიდენტობის დროს მსახურობდნენ.

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, ჯორჯ ბუში უფროსი 94 წლის ასაკში 30 ნოემბერს გარდაიცვალა. ის აშშ-ის 41-ე პრეზიდენტი იყო. ჯორჯ ბუში უფროსი პოლიტიკური კარიერის განმავლობაში არაერთ მნიშვნელოვან თანამდებობას იკავებდა, მათ შორის, იყო აშშ-ის ელჩი ჩინეთში, რვა წლის განმავლობაში მუშაობდა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტად.

ჯორჯ ბუში უფროსი ამერიკის შეერთებულ შტატებს ცივი ომის პერიოდში მართავდა. მან დიდი წვლილი შეიტანა ამ ომის დასრულებაში.

აშშ-ის 41-ე პრეზიდენტს პარკინსონის დაავადება ჰქონდა, თუმცა სიცოცხლის ბოლო წლებშიც აქტიურად მონაწილეობდა საჯარო ღონისძიებებში.

5 დეკემბერს ვაშინგტონში მდებარე ეროვნულ საკათედრო ტაძარში სამგლოვიარო ცერემონია გაიმართება, რომელსაც მოქმედი და ყოფილი პრეზიდენტები დაესწრებიან.

ჯორჯ ბუშ უფროსს ტეხასში, საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის ტერიტორიაზე 6 დეკემბერს დაკრძალავენ.