ჯონდი ბაღათურია - ყველა პოლიტიკური ლიდერი ვერ აცნობიერებს, რომ ივანიშვილმა მოახერხა და ურთიერთობების ახალ ეპოქას იწყებს
ჯონდი ბაღათურია - ყველა პოლიტიკური ლიდერი ვერ აცნობიერებს, რომ ივანიშვილმა მოახერხა და ურთიერთობების ახალ ეპოქას იწყებს

ყველა პოლიტიკური ლიდერი ვერ აცნობიერებს, რომ ივანიშვილმა მოახერხა და ურთიერთობების ახალ ეპოქას იწყებს, – ამის შესახებ „ქართული დასის“ ლიდერმა, ჯონდი ბაღათურიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„აქამდე „ქართული ოცნება“ თვითიზოლაციაში იყო, ოპოზიციასთან არ ლაპარაკობდა და „ნაცმოძრაობასთან“ პირისპირ ყოფნაში კომფორტულად გრძნობდა თავს. ზოგიერთ შემთხვევაში, გამოუცდელობის პრობლემაც ჰქონდა და მართალიც რომ იყო და ათით ნული რომ უნდა მოეგო, „ნაცმოძრაობასთან“ დებატებში დისკუსიებსაც ხშირად აგებდა. როგორი მტყუანი და გამოუცდელიც არ უნდა იყო, დებატებს რომ დაამთავრებ, ყველაფერს წააგებ და „ნაცმოძრაობას“ მერე ეტყვი, შენ 9 წელი ხალხს ხოცავდიო, ამით მთავრდება ყველაფერი. ამიტომ, „ქართულმა ოცნებამ“ ეს კომფორტი შეიქმნა, მაგრამ ის არ გაითვალისწინა, რომ ამასობაში, ბამბუკს რომ წყალს უსხამ და სწრაფად იზრდება. აი, ასე ზრდიდა „ნაცმოძრაობის“ რეიტინგს. როცა სხვა ოპონენტი, მესამე ფერი არ ჩანს და თეთრი-შავზე ნაწილდება, აქ ზიარი ჭურჭლის პრინციპი მუშაობს, რადგან შვიდი წლის განმავლობაში კარგი ხელისუფლებაც მოგწყინდება“, – განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ.

მისი თქმით, თუ პოლიტიკური სპექტრის სერიოზული კონსოლიდაცია არ მოხდა, პარლამენტს სამი-ოთხი პარტია დაემატება.

„ზოგი ერთ კაცს გაიყვანს, ზოგი – ორს და შეიძლება, რომელიმე ჩვენგანმა სამი გაიყვანოს, მაგრამ ეს პარლამენტში პოლიტიკურ სურათს არსებითად შეცვლის. აღარ იქნება „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“ პირისპირ და იქნება მესამე-მეოთხე პოზიციები, რაც „ნაციონალურ მოძრაობას“ მთავარი ოპონენტის სტატუსს წაართმევს“, – განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ.

როგორც ბაღათურიამ აღნიშნა, ნულოვანი ბარიერი უპირველესად, ხალხის შანსია და ეს შანსი არ უნდა გაუშვას.

„ნულოვანი ბარიერი ეს არის შანსი, რომ საზოგადოების თუნდაც, ერთ პროცენტ ფენას თავისი წარმომადგენელი ჰყავდეს და პარლამენტში მისი ხმა ისმოდეს“, – განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა ცვლილებები უნდა განხორციელდეს ნულოვანი ბარიერის პარალელურად, „ქართული დასის“ ლიდერმა განაცხადა, რომ საარჩევნო კანონმდებლობაში არის პატარ-პატარა ნაღმები, რაც არჩევნების შემდეგ, კენჭისყრის ბოლოს, მნიშვნელოვნად ცვლის სურათს, მაგრამ ახლა, ყველაზე მთავარი ბუნებრივი ბარიერის გატანაა.

„მეორე საკითხი, რა თქმა უნდა, ეს არის პროპორციული სიები და მესამე საკითხი ისაა, რომ სასურველია, არსებობდეს დიდი ფორმატის, ფართო კოალიციის შექმნის საშუალება. ამ მესამე საკითხზე არ ვამბობ, რომ ეს აუცილებელია, მაგრამ სასურველია. თუ ეს სამი საკითხი იქნება, ნებისმიერი სხვა საკითხის გამო კივილ-წივილისა და აჟიოტაჟის ატეხვა მხოლოდ და მხოლოდ იმას ემსახურება, რომ პროცესი ჩაიშალოს“, – განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ.