ჯონ ტერი მოსკოვის „სპარტაკში“ არ გადავა
LONDON, ENGLAND – MAY 26 : John Terry of Aston Villa after the Sky Bet Championship Play Off Final match between Aston Villa and Fulham at Wembley Stadium on May 26, 2018 in London, England. (Photo by Neville Williams/Aston Villa FC via Getty Images)
ინგლისის ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა ჯონ ტერიმ მოსკოვის „სპარტაკის“ შეთავაზებაზე უარი განაცხადა და, მიუხედავად გამოთქმული ვარაუდებისა, ამ რუსულ გუნდში სათამაშოდ არ გადავა. 37 წლის ცენტრალური მცველი ბოლოს ინგლისის რანგით მეორე დივიზიონის (Championship) გუნდ „ასტონ ვილაში“ თამაშობდა, ამჟამად კი თავისუფალი აგენტია.
„სპარტაკი ძალიან ამბიციური კლუბია და მათი პროფესიონალიზმი ნამდვილად შთამბეჭდავია“, – განაცხადა ტერიმ „ინსტაგრამის“ საკუთარი გვერდის საშუალებით, – „თუმცა, ოჯახთან ერთად ამ შესაძლო ნაბიჯის შეფასებისას, მივედით დასკვნამდე, რომ ამ ეტაპზე ეს ჩვენთვის საუკეთესო გადაწყვეტილება არ იქნება. მინდა აქვე მადლობა გადავუხადო რუსულ კლუბს და ვუსურვო ყველაფერი საუკეთესო“.
გასულ სეზონში ტერიმ „ასტონ-ვილაში“ 36 მატჩი ჩაატარა. გუნდი პრემიერ-ლიგაში გადასასვლელ პლეი-ოფში გავიდა, თუმცა „ფულემთან“ დამარცხდა.
რაც შეეხება „ჩელსიში“ გატარებულ კარიერას, ტერის ანგარიშზე 700-ზე მეტი მატჩი და რამდენიმე ტიტულია, მათ შორის ხუთგზის ინგლისის ჩემპიონობა, ხუთი ასოციაციის თასი და უეფას ჩემპიონთა ლიგის მოგება (2012).