ჯონ მაკინროი - ეს სეზონი, შესაძლოა, ბოლო იყოს ფედერერის კარიერაში
ჯონ მაკინროი - ეს სეზონი, შესაძლოა, ბოლო იყოს ფედერერის კარიერაში

ლეგენდარულმა ამერიკელმა, „დიდი სლემის“ ტურნირების შვიდგზის ჩემპიონმა ჯონ მაკინროიმ დაუშვა შესაძლებლობა იმაზე, რომ 38 წლის როჯერ ფედერერმა 2020 წლის სეზონის შემდეგ დაასრულოს კარიერა.

„არ მგონია, რომ 2019 წლის უიმბლდონის ფინალში წაგება დიდი დარტყმა ყოფილიყო ფედერერისთვის – ის ამისთვის მეტად გამოცდილია. გაიხსენეთ, რამდენად ხშირად „ჩამოგვიწერია“ როჯერი, რის შემდეგაც ის დაბრუნებულა და უჩვენებია, რაც შეუძლია. ვფიქრობ, ამ სეზონში მას ბევრი ბრძოლა მოუწევს დიდ ტურნირებზე.

ამავდროულად, ეს სეზონი, შესაძლოა, ბოლო აღმოჩნდეს ფედერერის კარიერაში. არ ვიცი, კიდევ რამდენ ხანს გაუძლებს, ამასთან, მოტივაცია უდიდეს როლს თამაშობს. პრინციპში, გასაკვირია, რომ ის უმაღლეს დონეზე აგრძელებს გამოსვლას.

შესაძლოა, ტოკიოს ოლიმპიადაზე გამოსვლა იყოს მისთვის ამ მომენტში მთავარი მოტივაცია. რა თქმა უნდა, ჩოგბურთისთვის კარგი იქნება, თუ როჯერი კიდევ ერთი ან ორი წელი ითამაშებს“, – მოჰყავს მაკინროის სიტყვები ესპანურ გაზეთ El Pais-ს.

ავსტრალიის ღიაზე როჯერ ფედერერმა ნახევარფინალამდე მიაღწია და იქ სამ სეტში წააგო ნოვაკ ჯოკოვიჩთან.