ჯონ კირბი - აშშ არ არის დაინტერესებული ირანთან ომით
ჯონ კირბი - აშშ არ არის დაინტერესებული ირანთან ომით

აშშ არ არის დაინტერესებული ირანთან ომით, – ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.

კირბის თქმით, აშშ ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ირანთან დაძაბულობა შეამციროს.

„ჩვენ არ გვსურს ირანთან ომი. ჩვენ არ გვსურს უფრო ფართო კონფლიქტი რეგიონში. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ დაძაბულობა დავძლიოთ. ჩვენ მივიღებთ სწორ გადაწყვეტილებებს, რათა დავიცვათ საკუთარი თავი, ჩვენი ჯარები და ჩვენი ობიექტები. მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს გადაწყვეტილება მთავარსარდალზეა დამოკიდებული და მე არ ვაპირებ, ვისაუბრო, რა შეიძლება, გადაწყვიტოს ან არ გადაწყვიტოს მან. მე შემიძლია, ვთქვა, რომ ჩვენ არ ვართ დაინტერესებული რეგიონში უფრო ფართო კონფლიქტით. ჩვენ არ ვართ დაინტერესებული ომით, მაგრამ ჩვენ აუცილებლად გავაკეთებთ ყველაფერს, რათა თავი დავიცვათ“, – განაცხადა კირბიმ.

შეგახსენებთ, იორდანიაში დრონებით თავდასხმის შედეგად სამი ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა და 34 დაშავდა.