ჯონ კირბი - არ დავიწყებ მტკიცებას, რომ ახალი გენერალი გახდება უფრო სისხლიანი ტაქტიკების ავტორი, თუმცა წარსულის გამოცდილებიდან გამომდინარე, იშლება რუსეთის სისასტიკის მორიგი გვერდი
ჯონ კირბი - არ დავიწყებ მტკიცებას, რომ ახალი გენერალი გახდება უფრო სისხლიანი ტაქტიკების ავტორი, თუმცა წარსულის გამოცდილებიდან გამომდინარე, იშლება რუსეთის სისასტიკის მორიგი გვერდი

უკრაინაში რუსეთის საომარი მოქმედებების ახალდანიშნული ხელმძღვანელი, გენერალი ალექსანდრ დვორნიკოვი ცნობილია სამოქალაქო მოსახლეობის მიმართ ზიანის უგულებელყოფით და მოსალოდნელია, რომ მისი დანიშვნა არის მორიგი გვერდი რუსეთის სისასტიკის წიგნში. ამის შესახებ პენტაგონის პრესსპიკერმა, ჯონ კირბიმ განაცხადა. ჯონ კირბის თქმით, სირია ამის მაგალითია.

„მან და რუსეთის სხვა ლიდერებმა წარსულში მკაფიოდ აჩვენეს და თქვენ მიერ ნახსენები სირია ამის ერთ-ერთი მაგალითია, მათი უგულებელყოფა სამოქალაქო ზიანის თავიდან აცილების მიმართ, ომის სამართლის მიმართ, შეიარაღებული კონფლიქტის სამართლის მიმართ და აჩვენეს თავიანთი სისასტიკე, რომლითაც ისინი ასრულებენ თავიანთ ოპერაციებს. არსებობს რუსეთის სისასტიკის გამოცდილება უკრაინამდე და თქვენ ამას ნათლად ხედავდით ახლა ყოველდღიურად, ბოლო 46 დღის განმავლობაში“, – აღნიშნა პენტაგონის წარმომადგენელმა ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვაზე საპასუხოდ.

აშშ-ის თავდაცვის უწყებაში არ გამორიცხავენ, რომ კონფლიქტის შემდგომი ფაზა უფრო გაჭიანურებული და სისხლიანი იქნება.

„სამწუხაროდ, ჩვენ, ყველას შეგვიძლია, ველოდოთ, რომ იგივე სასტიკი ტაქტიკა, სამოქალაქო მოსახლეობის სიცოცხლისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის მიმართ უგულებელყოფა სავარაუდოდ გაგრძელდება ახლა, როდესაც ისინი ფოკუსირებული არიან დონბასის გეოგრაფიულად შეზღუდულ რაიონზე. მიგვაჩნია, რომ ამან შეიძლება, გამოიწვიოს კონფლიქტის უფრო გაჭიანურებული და სისხლიანი შემდგომი ფაზა. მე არ დავიწყებდი მტკიცებას, რომ დარწმუნებით ვიცით, ეს გენერალი გახდება ახალი უფრო სისხლიანი ტაქტიკების ავტორი. თუმცა ჩვენ შეგვიძლია, დანამდვილებით ვთქვათ, იქიდან გამომდინარე, რაც ვიხილეთ წარსულში, რომ ჩვენ სავარაუდოდ ვშლით მორიგ გვერდს რუსეთის სისასტიკის იმავე წიგნში“, – განაცხადა ჯონ კირბიმ.

ამასთან, კირბიმ აღნიშნა, რომ ვლადიმერ პუტინს შეუძლია, დაუყოვნებლივ დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან ვოლოდიმირ ზელენსკისთან და ამით ომი დაასრულოს.

„მას ჰქონდა დიპლომატიური ვარიანტები მაგიდაზე, მან არჩია მათი უგულებელყოფა და აი, ახლა უკვე 46-ე დღეა. მან ვერ მიაღწია სტრატეგიულ მიზნებს, რისი მიღწევაც სურდა. ეს არის შესანიშნავი შესაძლებლობა მისთვის, აწარმოოს კეთილსინდისიერი მოლაპარაკებები პრეზიდენტ ზელენსკისთან“, – აღნიშნა კირბიმ.

ორი დღის წინ ცნობილი გახდა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში ომის ხელმძღვანელობა რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის ხელმძღვანელს, გენერალ ალექსანდრე დვორნიკოვს ჩააბარა, რომელსაც სირიაში რუსული ოპერაციების წარმართვის გამოცდილება აქვს.