ჯონ ჯონსმა საკუთარი დაკავების ფაქტზე ისაუბრა
ჯონ ჯონსმა საკუთარი დაკავების ფაქტზე ისაუბრა

აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის ნახევრად მძიმე წონითი დივიზიონის ჩემპიონ ჯონ ჯონსს, მარტში კვლავ შეექმნა პოლიციასთან პრობლემები. „ბოუნსი“ სამართალდამცველებმა ალბუკერკის ქუჩებში 26 მარტს მანქანის არაფხიზელ მდგომარეობაში მართვის გამო დააკავეს. ჯონსი პენიტენციურ დაწესებულებაში მოხვედრას გადარჩა და ის პირობით სასჯელს დასჯერდა.  32 წლის მებრძოლს ალკოჰოლთან დაკავშირებული პრობლემის მოსაგვარებლად 90 დღიანი კურსის გავლაც მოუწევს. მიუხედავად შექმნილი მდგომარეობისა, ჯონსი აცხადებს, რომ ეს მის კარიერაზე დიდ ზეგავლენას არ მოახდენს.

„რა თქმა უნდა, მე კარგად მაქვს გააზრებული თუ რა ჩავიდინე. ვაღიარებ, მაქვს პრობლემა ალკოჰოლთან მიმართებაში და ფანებს ვპირდები, რომ ამ პრობლემას აუცულებლად მოვაგვარებ. იმასც გეტყვით, რომ ეს დანაშაული ჩემს დიდებულ გამარჯვებებს და მიღწევებს ჩრდილში ვერ მოაქცევს“, – განაცხადა ჯონსმა ტვიტერის საკუთარ გვერდზე.