ჯონ ჯონსმა ხაბიბისა და კონორის შესაძლო განმეორებით ბრძოლაზე ისაუბრა (ვიდეო)

აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის ნახევრად მძიმე წონითი დივიზიონის (lightheavyweight) ჩემპიონმა ჯონ ჯონსმა რამდენიმე დღის წინ, დომინიკ რეიესის დამარცხებით ტიტული კიდევ ერთხელ დაიცვა. „ბოუნსმა“ „ტი ემ ზი”-ის (TMZ) ვრცელი ინტერვიუ მისცა და ბევრ საინტერესო საკითხზე ისაუბრა.

ჯონსმა ხაბიბ ნურმაგომედოვისა და ტონი ფერგიუსონის მოახლოვებულ დაპირისპირებაზეც გააკეთა კომენტარი. ასევე შეაფასა ხაბიბისა და კონორ მაკგრეგორის შესაძლო რემატჩი.

„ღრმად მწამს, რომ იმ შემთხვევაში თუ ხაბიბისა და კონორის განმეორებითი ბრძოლა შედგება, ნურმაგომედოვი კვლავ გაიმარჯვებს. ზოგადად ვფიქრობ, რომ როდესაც მებრძოლს მაღალი დონის ჭიდაობის ნიჭი აქვს, მას ყოველთვის გააჩნია უპირატესობა მეტოქესთან. ასეთ სპორტსმენებს ყოველთვის თავის სასარგებლოდ მიჰყავთ ბრძოლები. რა თქმა უნდა, არ ვამბობ რომ კონორი უშანსოდ იქნება, თუმცა იმ შემთხვევაში თუ ფულის დადებას გადავწყვეტ რომელიმეზე, აუცილებლად ხაბიბს ავირჩევ.” – აღნიშნა ჯონსმა.

შეგახსენებთ, რომ ხაბიბ ნურმაგომედოვი 18 აპრილს ბრუკლინის „ბარკლაის ცენტრში” ტონი ფერგიუსონს დაუპირისპირდება. რაც შეეხება ჯონ ჯონსს, ნახევრად მძიმე წონითი დივიზიონის ჩემპიონმა რამდენიმე დღის წინ დომინიკ რეიესი დაამარცხა.