ჯონ ჯონსი - ისრაელ ადესანია პრობლემებს ვერ შემიქმნის (ვიდეო)

აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის ნახევრადმძიმე წონითი დივიზიონის ჩემპიონი ჯონ ჯონსი ოქტაგონზე მიმდინარე კვირას გამოჩნდება. „ბოუნსი“ ცხრა თებერვალს ჰიუსტონში ტიტულის დაცვას დაუმარცხებელი დომენიკ რეიესის (12:0) წინააღმდეგ შეეცდება.

მსოფლიოს მებრძოლთა საერთო რეიტინგის ლიდერმა ბრძოლამდე რამდენიმე დღით ადრე ვრცელი ინტერვიუ არიელ ჰელვანის მისცა, სადაც ბევრ საინტერესო საკითხს შეეხო. ჯონსმა მის განვლილ და მომავალ კარიერაზე, მეტოქეებზე, კობი ბრაიანტის ტრაგიკულ სიკვდილსა და ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა. ჰელვანის კითხვაზე, თუ როგორ აფასებს ჯონი ისრაელ ადესანიასთან ბრძოლის შანსს, ჩემპიონმა ასე უპასუხა:

„მასთან სოციალურ ქსელში გარკვეული კამათით, სიმართლე გითხრათ, საკმაოდ გავერთე. ის ახლა კარგ კონდიციაშია და ეს უბრალოდ სახალისო იყო, თუმცა რეალობა სხვაგვარია. მას ამჟამად ჩემი ეშინია და ასევე 2021 წელსაც შეეშინდება. მიმაჩნია, რომ ამ ბავშვზე ბევრად გამოცდილი და ძლიერი ვარ. აქედან გამომდინარე, სიმართლე გითხრათ, ფაქტი, რომ თუნდაც ახლა მასზე მიწევს საუბარი, საერთოდ არ მომწონს და ეს სულ მალე დასრულდება“.

გარდა ამისა, ჯონსმა განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ დომენიკ რეიესის დამარცხებას შეძლებს, მომდევნო ბრძოლის ჩატარება მძიმე წონითი კატეგორიის ჩემპიონ სტიპე მიოჩიჩთან სურს.