ჯონ ჯონსი - 10 წლის შემდეგაც საუკეთესო მებრძოლი ვიქნები (ვიდეო)

აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის ნახევრადმძიმე წონითი დივიზიონის ჩემპიონი ჯონ ჯონსი აცხადებს, რომ 10 წლის შემდეგ ის კვლავ მსოფლიოს საუკეთესო მებრძოლი იქნება.

UFC-ის საერთო რეიტინგში ჯონსი დომინირებს და დიდი ხანია 1 ადგილზე იმყოფება. „ბოუნსი“ ისტორიის მანძილზე ერთერთ  საუკეთესო მებრძოლად ითვლება.

ნახევრადმძიმე წონითი დივიზიონის ჩემპიონი თავის მორიგ ბრძოლას 8 თებერვალს დომენიკ რეიესთან გამართავს. ბრძოლამდე 1 კვირით ადრე ჯონსმა ვრცელი ინტერვიუ „ესპნ-ის” (ESPN) ჟურნალისტს არიელ ჰელვანის მისცა. ჯონი აცხადებს, რომ 10 წლის შემდეგაც პლანეტის საუკეთესო მებრძოლი იქნება.

„სიმართლე გითხრათ, ყოველთვის მჯეროდა, რომ იმას მივაღწევდი რაც დღეს გამაჩნია. მოხარული ვარ, რომ საერთო რეიტინგში პირველ ადგილზე ვიმყოფები. მე ამისთვის ძალიან ბევრი ვიშრომე. მწამს, რომ 10 წლის შემდეგაც სიტუაცია არ შეიცვლება და კვლავ საუკეთესო ვიქნები“, – განაცხადა ჯონმა არიელ ჰელვანისთან სტუმრობისას.

ჯონ ჯონსი ამჟამად 32 წლის არის. ის აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონია (23 წლის ასაკში ტიტულისთვის ბრძოლაში დაამარცხა მაურისიო რუა).