ჯონ ჰილი - ბრიტანეთი მზადაა, უკრაინაში ბრიტანული ძალების შესაძლო განლაგებაზე 100 მილიონ ფუნტზე მეტი დახარჯოს, თუ დონალდ ტრამპი რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმებას მიაღწევს
ჯონ ჰილი - ბრიტანეთი მზადაა, უკრაინაში ბრიტანული ძალების შესაძლო განლაგებაზე 100 მილიონ ფუნტზე მეტი დახარჯოს, თუ დონალდ ტრამპი რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმებას მიაღწევს

დიდი ბრიტანეთი მზადაა, უკრაინაში ბრიტანული ძალების შესაძლო განლაგებაზე 100 მილიონ ფუნტზე მეტი დახარჯოს, თუ დონალდ ტრამპი რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმებას მიაღწევს, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, ჯონ ჰილიმ განაცხადა.

ჰილიმ განაცხადა, რომ ბრიტანული ჯარები, შესაძლებელია, მზად იყვნენ განლაგებისთვის, როგორც კი სამშვიდობო შეთანხმება მიიღწევა და აღნიშნა, რომ ეს შეიძლება, მოიცავდეს ადგილზე მყოფ ჯარისკაცებსაც.

„რადგან პრეზიდენტი ტრამპი ევროპაში მშვიდობისკენ ისწრაფვის, ჩვენ მზად ვართ, ვუხელმძღვანელოთ მის გრძელვადიან პერსპექტივაში უზრუნველყოფის სამუშაოებს. მე უკვე ვამოწმებ ჩვენი შეიარაღებული ძალების მზადყოფნის დონეს და ვაჩქარებ მილიონობით ფუნტის დაფინანსებას უკრაინაში შესაძლო განლაგებისთვის მოსამზადებლად“, – განაცხადა ჰილიმ.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რა თანხაზეა საუბარი, ჰილიმ უპასუხა, რომ ეს თანხა „გაცილებით მეტი იქნება, 100 მილიონ ფუნტზე მეტი“.

ჰილის თქმით, ვლადიმერ პუტინი ბრიტანეთს თავის „ნომერ პირველ მტრად“ მიიჩნევს ქვეყნის მიერ უკრაინის მხარდაჭერის გამო.

„ეს, უდავოდ, საფრთხის ახალი ერაა. მსოფლიო უფრო არასტაბილური, უფრო გაურკვეველი, უფრო საშიშია. მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ევროპის უსაფრთხოება ასეთი რისკის ქვეშ არ ყოფილა, ამიტომ საჭიროა თავდაცვის ახალი ერა. ახლა ეს არის მკაცრი ძალის, ძლიერი ალიანსებისა და დამაჯერებელი დიპლომატიის ეპოქა“, – განაცხადა ჰილიმ.