ჯონ ბოლტონ​ი - აშშ-ი მზად არის, ჩინეთი ჩრდილოეთ კორეასთან მოლაპარაკებებში ჩართოს
ჯონ ბოლტონ​ი - აშშ-ი მზად არის, ჩინეთი ჩრდილოეთ კორეასთან მოლაპარაკებებში ჩართოს

ამერიკის შეერთებული შტატები მზად არის, ჩინეთი ჩრდილოეთ კორეასთან მოლაპარაკებებში ჩართოს, – ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯონ ბოლტონმა განაცხადა.

ჯონ ბოლტონის თქმით, ვაშინგტონი გეგმავს იდეის განხილვას, რომ ჩინეთს შეუძლია, მოლაპარაკებებში როლი ითამაშოს.

აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ისაუბრა ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ბოლო დღეებში გაკეთებულ განცხადებებზე, რომ ფხენიანმა შესაძლოა, ბირთვული და ბალისტიკური რაკეტების გამოცდა გააგრძელოს. აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ჩრდილოეთ კორეის მაღალჩინოსნების განცხადებებს არაპროდუქტიული უწოდა.

ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ჯონ ბოლტონი და აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო მტრულ და უნდობლობის გარემოს ქმნიან.

27-28 თებერვალს ვიეტნამში გამართული აშშ-ჩრდილოეთ კორეის ლიდერების სამიტი მნიშვნელოვანი შედეგების გარეშე დასრულდა.

დატოვე კომენტარი