ჯოკოვიჩს ავსტრალიის ღიაზე თამაშის ნება დართეს - მან სამედიცინო გამონაკლისი მიიღო #1TVSPORT
ჯოკოვიჩს ავსტრალიის ღიაზე თამაშის ნება დართეს - მან სამედიცინო გამონაკლისი მიიღო #1TVSPORT

მსოფლიოს პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი შეძლებს ავსტრალიის ღია პირველობაზე თამაშს, მიუხედავად იმისა, რომ დადასტურებულად არაა ცნობილი – არის თუ არა აცრილი კორონავირუსზე. სერბმა ჩოგბურთელმა სამედიცინო გამონაკლისი მიიღო ვიქტორიას შტატის მთავრობისგან.

„ყველას ვულოცავ ახალ წელს. არდადეგებზე ფანტასტიკური დრო გავატარე ჩემს ახლობლებთან ერთად, ახლა კი მივემართები ავსტრალიისკენ სპეციალური მიწვევის წყალობით. ვიწყებთ 2022 წელს“, – დაწერა თავის „ინსტაგრამში“ ჯოკოვიჩმა.

ადრე ნოვაკი არა ერთხელ გამოვიდა აცრის საწინააღმდეგოდ და უარს ამბობდა გაემჟღავნებინა ვაქცინაციის შესახებ თავისი სტატუსი.

ამასობაში, ავსტრალიის ღია პირველობის პრესსამსახურმა კომენტარი გაუკეთა ჯოკოვიჩის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას.

„ნოვაკ ჯოკოვიჩი უკვე გამოემგზავრა ავსტრალიაში. ის ითამაშებს ჩვენს ტურნირზე.

მან განაცხადი შეიტანა სამედიცინო გამონაკლისზე. ეს განაცხადი განიხილა სამედიცინო ექსპერტების ორმა დამოუკიდებელმა ჯგუფმა. ერთ-ერთი ასეთი ჯგუფი შედგებოდა ვიქტორიას შტატის ჯანმრთელობის დეპარტამენტის ექიმებისგან. მათ ყველა დოკუმენტი შეამოწმეს და დარწმუნდნენ, რომ ისინი შეესაბამებიან ავსტრალიის კანონმდებლობას.

ექიმებმა არ იცოდნენ, ვის განაცხადს განიხილავდნენ“, – წერია პრესსამსახურის განცხადებაში.