ჯოკოვიჩმა რომის „მასტერსი“ მოიგო
ჯოკოვიჩმა რომის „მასტერსი“ მოიგო

მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა, სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა კარიერაში მეხუთედ მოიგო რომის „მასტერსი“. მან საათსა და 54 წუთში 7:5, 6:3 მოუგო არგენტინელ დიეგო შვარცმანს, რომელმაც მეოთხედფინალში რაფაელ ნადალი გამოთიშა ბრძოლას.

შვარცმანმა ფინალში შთამბეჭდავი სტარტი აიღო და ორმაგი ბრეიკით 3:0 დაწინაურდა. ჯოკოვიჩმა ამას ზედიზედ ოთხი გეიმის აღებით უპასუხა. მეცხრე გეიმში არგენტინელს დაფარული სეტბოლი ჰქონდა, მაგრამ შანსი ვერ გამოიყენა. მომდევნო გეიმში უკვე ჯოკოვიჩმა გაფლანგა სეტბოლი. საქმე ტაი-ბრეიკამდე მიდიოდა, როცა მე-12 გეიმში ჯოკოვიჩმა სამმაგი სეტბოლი მიიღო და მესამე ცდაზე შანსი ხელიდან აღარ გაუშვა.

მეორე სეტშიც პირველი ბრეიკი შვარცმანის იყო, მაგრამ მომდევნო გეიმში ჯოკოვიჩმა უკუბრეიკი შეასრულა. მეხუთე გეიმში არგენტინელმა მეტოქის მოწოდების აღების კარგი შანსი მიიღო მაგრამ ორი ბრეიკ-პოინტი ვერ გამოიყენა. გადამწყვეტი აღმოჩნდა მერვე გეიმი, რომელშიც ჯოკოვიჩმა მატჩში მეხუთე ბრეიკი შეასრულა და შემდეგ მატჩზე ჩააწოდა.

სერბმა კარიერაში 36-ე „მასტერსი“ მოიგო, გაუსწრო რაფაელ ნადალს და ამ მაჩვენებლით აბსოლუტური რეკორდსმენი გახდა.

ჯოკოვიჩს ამ სეზონში 32-დან 31 მატჩი აქვს მოგებული. მის ანგარიშზე 2020 წელს უკვე ოთხი ტიტულია – ავსტრალიის ღია, დუბაი, ცინცინატის “მასტერსი” და “რომის “მასტერსი”.