ჯოკოვიჩმა ორსაათიანი ბრძოლის შემდეგ მოიპოვა რომის „მასტერსის“ მეოთხედფინალის საგზური (ვიდეო)
ჯოკოვიჩმა ორსაათიანი ბრძოლის შემდეგ მოიპოვა რომის „მასტერსის“ მეოთხედფინალის საგზური (ვიდეო)

მსოფლიოს პირველ ჩოგანს, სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩს ორი საათი და შვიდი წუთი დასჭირდა რომის „მასტერსის“ მეოთხედფინალის საგზურის მოსაპოვებლად. მან ორ სეტში – 7:6(7), 6:3 დაამარცხა თანამემამულე ფილიპ კრაინოვიჩი. ჯოკოვიჩი ზედიზედ მეთოთხმეტედ ითამაშებს რომის ტურნირის მეოთხედფინალურ ეტაპზე.

კრაინოვიჩმა დიდი ბრძოლა გაუმართა რეიტინგის ლიდერს პირველ სეტში, რომელიც 87 წუთი გაგრძელდა. პირველი ბრეიკიც სწორედ მან შეასრულა, რასაც ჯოკოვიჩმა მალე უკუბრეიკით უპასუხა. ნოვაკს შეეძლო ტაი-ბრეიკის თამაში აეცილებინა თავიდან, მაგრამ 5:4-ზე ორი სეტბოლი ვერ გამოიყენა. დაძაბულ მე-13 გეიმში ჯოკოვიჩმა კიდევ ორი სეტბოლი გაანიავა, მაგრამ მეხუთე ცდაზე მაინც შეძლო პარტიის აღება. ამ სეტში ნოვაკმა ექვსიდან ხუთი ბრეიკ-პოინტი მოიგერია.

სამაგიეროდ, მეორე სეტში ჯოკოვიჩმა არც ერთი ბრეიკ-პოინტის შანსი არ მისცა თანამემამულეს, თავად კი ორი მისი გეიმი აიღო.

ეს იყო ამ სეზონში ნოვაკ ჯოკოვიჩის მიერ ჩატარებული 29-ე მატჩი და 28-ე მოგება. მისი შემდეგი მეტოქე გერმანელი დომინიკ კოპფერი იქნება.