ჯოკოვიჩმა ნადალს უპასუხა - პატივს ვცემ რაფას, მაგრამ მას კატეგორიულად არ ვეთანხმები #1TVSPORT
ჯოკოვიჩმა ნადალს უპასუხა - პატივს ვცემ რაფას, მაგრამ მას კატეგორიულად არ ვეთანხმები #1TVSPORT

მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა, ნოვაკ ჯოკოვიჩმა უპასუხა რაფაელ ნადალს, რომელმაც ცოტა ხნის წინ სერბ ჩოგბურთელს გამარჯვებებით შეპყრობილი უწოდა.

„არ ვარ განაწყენებული იმის გამო, რომ ჯოკოვიჩმა ჩემი რეკორდი მოხსნა. რა თქმა უნდა, მინდოდა რეკორდსმენი ვყოფილიყავი, მაგრამ ამაზე არ ვარ ორიენტირებული. მჯერა, რომ ყველაფერს მივაღწიე, რაც შემეძლო. მოვიგე „დიდი სლემის“ 22 ტიტული და ასეთი მიღწევებით არ შეიძლება, იმედგაცრუებული იყო. ნოვაკისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო, გამხდარიყო უდიადესი მოთამაშე ისტორიაში. ამის გარეშე მისთვის იმედგაცრუება შეიძლებოდა კიდევ უფრო დიდი ყოფილიყო“, – განაცხადა ერთი თვის წინ ნადალმა.

„ვნახე, რომ მისი კომენტარები ვირუსული გახდა, ბევრი ადამიანი ლაპარაკობდა ამაზე. თითოეულს აქვს უფლება საკუთარ აზრზე, გარკვეულ კონტექსტში სხვის ინტერპრეტირებაზე და ა.შ. მხოლოდ ამის თქმა შემიძლია. რაფა დიადი ჩემპიონია, და მე ვაფასებ და პატივს ვცემ მას, როგორც დიდ ჩემპიონს, ჩემს მთავარ მოწინააღმდეგეს და მოთამაშეს, რომელმაც თავისი წვლილი შეიტანა ჩემი თამაშის ფორმირებასა და იმ შედეგებში, რომლებსაც მე მივაღწიე.

არ ვაპირებ ნეგატიურ ჭრილში ვილაპარაკო მასზე ან როჯერ ფედერერზე – მათ მიმართ ჩემი პატივისცემა გადაფარავს ზოგიერთ ნეგატიურ აზრს, რომელიც შეიძლება გამაჩნდეს. ისევ გავიმეორებ, რომ ეს რაფას აზრია და მე, რა თქმა უნდა, მას არ ვეთანხმები. მე ჩემი აზრი მაქვს, მაგრამ არ ვაპირებ მის საჯაროდ გაზიარებას, რადგან არ მინდა, რომ ამ საკითხს ჩავუღრმავდე. ამის აუცილებლობას ვერ ვხედავ“, – მოჰყავს ჯოკოვიჩის სიტყვები გამოცემა Tennis Major-ს.