ჯოკოვიჩმა ნადალი დაამარცხა, სერბეთისა და ესპანეთის ფინალში ანგარიშია- 1:1
ჯოკოვიჩმა ნადალი დაამარცხა, სერბეთისა და ესპანეთის ფინალში ანგარიშია- 1:1

ავსტრალიის ქალაქ სიდნეიში ATP Cup-ის ფინალია. გაიმართა ერთეულების მატჩები, რომლის შემდეგაც, სერბეთსა და ესპანეთს შორის ანგარიშია – 1:1.

საყოველთაო ინტერსს იწვევდა გუნდების პირველი ნომრების – ნოვაკ ჯოკოვიჩისა და რაფაელ ნადალის დაპირისპირება. ეს ჩოგბურთელები 55-ედ ხვდებოდნენ ერთმანეთს. სერბი წინ იყო – 28:26.

პირველ სეტში ბრეიკ-პოინტები მხოლოდ ჯოკოვიჩს ჰქონდა – ხუთი შანსიდან ორი გამოიყენა. სერბი შეუდარებელი იყო საკუთარ მოწოდებაზე – თავის გეიმებში მხოლოდ სამი ქულა წააგო და 40 წუთში მოიგო სეტი.

მეორე სეტში ნადალმა დაალაგა თამაში საკუთარ მოწოდებაზე, მეხუთე გეიმში კი ხუთი ბრეიკ-პოინტი მიიღო და ხუთივე შანსი გაანიავა. ჯოკოვიჩი ბრეიკ-პოინტებამდე მე-11 გეიმში მივიდა – 40:15 დაწინაურდა, მაგრამ ესპანელმაც შეძლო საფრთხის მოგერიება.

საბოლოოდ, ტაი-ბრეიკის ჩატარება გახდა საჭირო, რომელიც ჯოკოვიჩმა მოიგო და ორ სეტში გაიმარჯვა – 6:2, 7:6(4). მატჩი საათი და 55 წუთი გრძელდებოდა.

ამ მატჩის შემდეგ ფინალში ანგარიში გათანაბრდა. პირველ შეხვედრაში რობერტო ბაუტისტა აგუტმა 7:5, 6:1 იოლად დაამარცხა დუშან ლაიოვიჩი. ასე რომ, ყველაფერს წყვილთა მატჩი გადაწყვეტს. სერბების მხარეს ითამაშებენ ვიქტორ ტროიცკი და ნოვაკ ჯოკოვიჩი, ესპანელების მხარეს – რაფაელ ნადალი და პაბლო კარენიო ბუსტა.