ჯოკოვიჩმა მხოლოდ სამი გეიმი აიღო მსოფლიოს 42-ე ჩოგანის წანააღმდეგ
ჯოკოვიჩმა მხოლოდ სამი გეიმი აიღო მსოფლიოს 42-ე ჩოგანის წანააღმდეგ

ფიასკოთი დასრულდა მსოფლიოს პირველი ჩოგანის ნოვაკ ჯოკოვიჩის გამოსვლა ვენის ტურნირზე – მეოთხედფინალში სერბმა მხოლოდ სამი გეიმი მოიგო იტალიელი ლორენცო სონეგოს წინააღმდეგ – 2:6, 1:6.

მსოფლიოს 42-ე ჩოგანმა მატჩი ზედიზედ ოთხი გეიმის მოგებით დაიწყო. პირველ სეტში მან ბრეიკ-პოინტამდე არ მიუშვა მეტოქე. მეორე პარტიაში ჯოკოვიჩს ორ გეიმში ჰქონდა სამ-სამი ბრეიკ-პოინტი, მაგრამ ვერც ერთი ვერ გამოიყენა, სონეგომ კი სამი ბრეიკი შეასრულა. საბოლოოდ, იტალიელმა მატჩში ექვსიდან ხუთი ბრეიკ-პოინტი გამოიყენა, ჯოკოვიჩმა – ექვსიდან ვერც ერთი.

სერბი ძალიან ცუდად გამოიყურებოდა საკუთარ გეიმებში – პირველი მოწოდების სიზუსტე 55 პროცენტი ჰქონდა, პირველი მოწოდებით ქულების 61 პროცენტი მოიგო, მეორეთი – 30.

ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ვენის ტურნირის ძირითად ბადეში სონეგო შემთხვევით მოხდა. მან წააგო კვალიფიკაციის ფინალი სლოვენიელ ალიაშ ბედენესთან, მაგრამ მაინც დაუშვეს ძირითად ბადეში იმის წყალობით, რომ ბოლო მომენტში არგენტინელმა დიეგო შვარცმანმა ვერ შეძლო ტურნირზე თამაში.

ჯოკოვიჩისთვის ეს იყო მხოლოდ მესამე მარცხი 2020 წელს. ვენაში პირველი ორი მატჩის მოგების შემდეგ, სერბმა გაინაღდა ამ სეზონის პირველი ჩოგანის რანგში დასრულება.

ვენაში ასევე მეოთხედფინალურ ეტაპზე წააგეს სხვა ფავორიტებმა – მოქმედმა ჩემპიონმა დომინიკ ტიმმა და რუსმა დანიილ მედვედევმა.