ჯოკოვიჩმა მაიამის მასტერსი წააგო
ჯოკოვიჩმა მაიამის მასტერსი წააგო

მაიამის მასტერსს მერვედფინალური ეტაპიდან გამოეთიშა მთავარი ფავორიტი ნოვაკ ჯოკოვიჩი. მსოფლიოს პირველი ჩოგანი ესპანელ რობერტო ბაუტისტა აგუტს ხვდებოდა და პირველი სეტი ძალიან იოლად – 6:1 მოიგო. მეორე სეტში, როცა ანგარიში 5:5 იყო, გაწვიმდა და თამაში 40 წუთით შეწყდა. კორტზე დაბრუნების შემდეგ, სერბმა ბრეიკ-პოინტი მოიპოვა, რაც, პრაქტიკულად, დაფარული მატჩბოლი იყო, მაგრამ შანსი ვერ გამოიყენა, შემდეგ კი საკუთარი გეიმი და მასთან ერთად სეტი დათმო. მესამე პარტიაში ბაუტისტა აგუტმა ორი ბრეიკი შეასრულა, ჯოკოვიჩმა – ერთი და ესპანელმა ორი საათი და 29 წუთის შემდეგ 1:6, 7:5, 6:3 მოიგო.

ჯოკოვიჩმა თითქმის ორჯერ მეტი ბრეიკ-პოინტი მოიპოვა (13/7), მაგრამ რეალიზაციის მხრივ ჰქონდა პრობლემები – მეტოქეებმა ოთხ-ოთხი ბრეიკი შეასრულეს. მეორე და მესამე სეტებში ნოვაკმა ათიდან რვა ბრეიკ-პოინტი ვერ გამოიყენა.

აღსანიშნავია, რომ ბაუტისტა აგუტმა ამ სეზონში უკვე მეორედ მოუგო ჯოკოვიჩს. მანამდე მან სერბი დოჰას ტურნირზე დაამარცხა.

ესპანელი პირველად ითამაშებს მაიამის მასტერსის მეოთხედფინალში, ჯოკოვიჩმა კი აშკარად ჩააგდო ამერიკული მასტერსები – მაიამამდე მან ინდიან უელსში 1/16 ფინალში წააგო ფილიპ კოლშრაიბერთან.

1/8 ფინალი
ბაუტისტა აგუტი (ესპ, 22)-ჯოკოვიჩი (სერ, 1) 1:6, 7:5, 6:3
ისნერი (აშშ, 7)-ედმუნდი (ბრიტ, 19) 7:6(5), 7:6(3)
ოჟე-ალიასიმი (კან)-ბასილაშვილი (საქ, 17) 7:6(4), 6:4
ჩორიჩი (ხორ, 11)-კირგიოსი (ავსტრა, 27) 4:6, 6:3, 6:2
ანდერსონი (ს. აფრ, 6)-ტომპსონი (ავსტრა) 7:5, 7:5
მედვედევი (რუს, 13)-ფედერერი (შვეიც, 1) გადაიდო
შაპოვალოვი (კან, 20)-ციციპასი (საბ, 8) 4:6, 6:3, 7:6(3)
ტიაფო (აშშ, 28)-გოფენი (ბელ, 18) 7:5, 7:6(6)