ჯოკოვიჩმა ფედერერი დაამარცხა და პარიზის „მასტერსის“ ფინალში გავიდა
ჯოკოვიჩმა ფედერერი დაამარცხა და პარიზის „მასტერსის“ ფინალში გავიდა

პარიზის „მასტერსზე“ შაბათს, ნახევარფინალურ ეტაპზე ნაადრევი ფინალი შედგა მსოფლიოს მეორე და მესამე ჩოგნებს – ნოვაკ ჯოკოვიჩსა და როჯერ ფედერერს შორის.

შვეიცარიელი და სერბი 46-ედ ხვდებოდნენ ერთმანეთს. ნოვაკი წინ იყო ამ დაპირისპირებაში – 24:22.
ფედერერმა ვერ შეძლო მინიმუმამდე შეემცირებინა ეს სხვაობა. პირველ სეტში როჯერი ერთხელაც ვერ მივიდა ბრეიკ-პოინტამდე, იმ დროს, როცა ჯოკოვიჩს ხუთი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა, მაგრამ ვერც ერთი შანსი ვერ გამოიყენა. შესაბამისად, პარტიის ბედი ტაი-ბრეიკზე გაირკვა, რომელშიც ფედერერი ორჯერ იგებდა მინი-ბრეიკით – 2:0 და 4:2, 6:5-ზე სეტბოლიც ჰქონდა, მაგრამ ჯოკოვიჩი უფრო იღბლიანი აღმოჩნდა და პირველი სეტიც მას დარჩა – 7:6(8:6).

მეორე სეტში ფედერერმა მატჩში პირველი ბრეიკ-პოინტი მეორე გეიმში გამოიმუშავა, მაგრამ შანსი ვერ გამოიყენა. ჯოკოვიჩს ისევ უფრო მეტი ბრეიკ-პოინტები ჰქონდა, მაგრამ ბრეიკამდე მაინც ვერ მივიდა. და საქმე ისევ ტაი-ბრეიკისკენ მიდიოდა, როცა, ჯოკოვიჩმა მოულოდნელად ჩააგდო მე-12 გეიმი თავის მოწოდებაზე და სეტი დაუთმო შვეიცარიელს – 5:7.

მესამე სეტში ჯოკოვიჩმა გააგრძელა ბრეიკ-პოინტების განიავება და საბოლოოდ, მატჩი ისე დაასრულა, რომ 12-დან 12 გამოუყენებელი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა (ფედერერს – ორიდან ერთი). ყველაფერი უნდა გადაეწყვიტა ტაი-ბრეიკს. ამჯერად, ჯოკოვიჩმა შეძლო მობილიზება, 1:1-ზე ზედიზედ ხუთი ქულა აიღო, რამაც ხუთმაგი მატჩბოლი მოუტანა და მეოთხე ცდაზე დაასრულა ეს საჩოგბურთო მარათონი. საბოლოოდ, 3 საათსა და 5 წუთში სერბმა სამ სეტში მოიგო – 7:6(6), 5:7, 7:6(3).

ფინალში ნოვაკ ჯოკოვიჩი რუს კარენ ხაჩანოვს შეხვდება, რომელმაც თავის ნახევარფინალში ავსტრიელი დომინიკ ტიმი დაამარცხა.