ჯოკოვიჩის ორგანიზებული ტურნირი დომინიკ ტიმმა მოიგო
ჯოკოვიჩის ორგანიზებული ტურნირი დომინიკ ტიმმა მოიგო

სერბმა ჩოგბურთელმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა მესამე მატჩი ჩაატარა თავის ორგანიზებულ ტურნირზე (Adria Tour), რომელსაც ბელგრადი მასპინძლობდა. მან სამ სეტში მოუგო გერმანელ ალექსანდრ ზვერევს – 4:0, 1:4, 4:2.

ჯოკოვიჩი მეტოქეს საათსა და ორ წუთში გაუმკლავდა. მის ანგარიშზე იყო ორი ეისი, სამი ბრეიკი და ერთი ორმაგი შეცდომა. ზვერევმა ხუთიდან ორი ბრეიკ-პოინტი გამოიყენა და ექვსი ორმაგი შეცდომა დაუშვა.

ამ მოგების მიუხედავად, ჯოკოვიჩი თავის ჯგუფში მხოლოდ მესამე ადგილზე გავიდა და წინ გაუშვა ზვერევი და ფილიპ კრაინოვიჩი. სწორედ ამ უკანასკნელთან წააგო ნოვაკმა ტურნირის პირველ დღეს. საბოლოოდ, ფინალში სწორედ კრაინოვიჩი გავიდა, რომელიც გადამწყვეტ მატჩში დომინიკ ტიმს დაუპირისპირდა. თავის მხრივ, ავსტრიელმა თავის ჯგუფში სამივე მატჩი მოიგო.

ფინალი საათი და 16 წუთი გაგრძელდა და ტიმმა სამ სეტში მოიგო – 4:3(2), 2:4, 4:2.

შემდეგი ტურნირი 20-21 ივნისს ხორვატიაში გაიმართება.

დატოვე კომენტარი