ჯოკოვიჩი წლის შემაჯამებელი ტურნირის მეექვსედ მოსაგებად იბრძოლებს
ჯოკოვიჩი წლის შემაჯამებელი ტურნირის მეექვსედ მოსაგებად იბრძოლებს

ლონდონში მიმდინარე წლის შემაჯამებელ ტურნირზე დღეს დიდი სლემის ტურნირების 17-გზის გამარჯვებული ნოვაკ ჯოკოვიჩი ნახევარფინალურ შეხვედრას ავსტრიელ დომინიკ ტიმთან გამართავს და გამარჯვების შემთხვევაში ამ პრესტიჟული გათამაშების კარიერაში მეექვსედ მოსაგებად დიდ ნაბიჯს გადადგამს.

სერბი და ავსტრიელი ერთმანეთს 12-ჯერ დაუპირისპირდნენ, ანგარიში კი 8:4 ნოვაკის სასარგებლოდაა. აღსანიშნავია ისიც, რომ ბოლო სამი შეხვედრიდან ორი ტიმმა მოიგო. მათი ბოლო მატჩი 2020 წლის ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში შედგა, რომელშიც დაძაბულ 5-სეტიან პაექრობაში ჯოკოვიჩმა იმარჯვა.

სერბი ჩოგბურთელი გამარჯვების შემთხვევაში ესპანელ რაფაელ ნადალსა და რუს დანილ მედვედევს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

შეგახსენებთ,რომ ეგრედწოდებული დიდი სამეულიდან წლის შემაჯამებელ ტურნირზე ჩოგბურთის ლეგენდას როჯერ ფედერერს ექვსჯერ, ნოვაკ ჯოკოვიჩს კი ხუთჯერ აქვთ გამარჯვება მოპოვებული, ხოლო თიხის მეფედ აღიარებულ რაფაელ ნადალს ტურნირი არცერთხელ არ მოუგია.